ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) გამოაცხადა, რომ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განახორციელა. IRGC-მ ეს ოპერაცია ირანის სამხრეთში განხორციელებულ ამერიკულ საჰაერო დარტყმებზე პირდაპირ საპასუხო ქმედებად შეაფასა.
ოთხშაბათს, დილით ადრე, IRGC-მ განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა ამერიკის 21 სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის რეგიონში არსებულ საჰაერო და საზღვაო ბაზებზე.
სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში IRGC დაიმუქრა, რომ თუ აშშ-ის სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება, ის კიდევ უფრო მძიმე საპასუხო ზომებს მიიღებს.
IRGC ასევე ამტკიცებს, რომ სამხრეთში, ბუშერის პროვინციის თავზე, ჩამოაგდო ამერიკული MQ-9 Reaper ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.
ამასთანავე, რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ დრონით თავდასხმა განახორციელა ქუვეითში მდებარე ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე.
მოგვიანებით ქუვეითის არმიამ დაადასტურა მომხდარი და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის საჰაერო სამიზნეები.
ეს ესკალაცია მოჰყვა აშშ-ის მიერ ირანის სამხრეთში მდებარე სხვადასხვა წერტილზე, მათ შორის ჯასკზე, სირიქსა და კეშმის კუნძულზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან ზუსტ დარტყმებს.
აშშ-მა ირანში 20 სამიზნეზე მიიტანა იერიში, მათ შორის ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კოშკზე.
შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები
ირანული მედიის ინფორმაციით, რეგიონში კონფლიქტის გავრცელებასთან ერთად, IRGC-მ იორდანიაში მდებარე ალ-აზრაქის ბაზაზე თავდასხმისას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გამოიყენა.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განმარტა, რომ სამიზნე ალ-აზრაქის ბაზის ოთხი ზონა იყო, მათ შორის F-35 გამანადგურებლების ანგარები და სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი.
იორდანიის არმიამ კი განაცხადა, რომ რაკეტების გადაჭერის შემდეგ ნამსხვრევები ჩამოვარდა, თუმცა მსხვერპლის ან მატერიალური ზიანის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
CENTCOM-მა საჰაერო დარტყმები დაასრულა
ამასობაში, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გამოაცხადა, რომ დაასრულა ირანზე თავდასხმები, რაც იყო პასუხი აშშ-ის არმიის კუთვნილი „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდებაზე.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლებიდან ნასროლი ზუსტი დანიშნულების საბრძოლო მასალით განადგურდა ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, მიწისზედა საკონტროლო სადგურები და სათვალთვალო რადარები ჰორმუზის სრუტის მახლობლად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაცია იყო „პროპორციული პასუხი“ აშშ-ის ძალებსა და რეგიონის წყლებში გამავალ საერთაშორისო კომერციულ გემებზე განხორციელებულ ბოლო დროინდელ თავდასხმებზე.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პირველადი შეფასებით, ირანის მიერ გაშვებული თითქმის ყველა რაკეტა და დრონი მოგერიებულია.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია აშშ-ის პერსონალის დაშავების ან ამერიკული ობიექტების მნიშვნელოვანი დაზიანების შესახებ.

















