იმ პერიოდში, როდესაც გლობალური მიწოდების ჯაჭვები ხელახლა ყალიბდება და სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება, რეგიონის სამი საკვანძო აქტორი სტამბოლში იკრიბება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი დღს, თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-10 სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლებს.
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრ ფიდანის მოწვევით დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი. ეს სამმხრივი მექანიზმი, რომელიც უკვე დაახლოებით 14 წელია უწყვეტად ფუნქციონირებს, რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახებ პლატფორმად მიიჩნევა.
3 კრიტიკული საკითხი დღის წესრიგში
სამიტზე მხარეები მიმოიხილავენ სამ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობის სფეროებს და დაგეგმავენ სამომავლო ერთობლივ ნაბიჯებს. შეხვედრის მთავარი თემები ასე განისაზღვრა:
1. თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში: რეგიონული განვითარება და საგარეო პოლიტიკის საკითხები.
2. შუა დერეფანი და ტრანსპორტი: რეგიონული ტრანზიტული ქსელებისა და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერება.
3. ენერგეტიკა და ეკონომიკა: ენერგოუსაფრთხოება, ვაჭრობა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება.
ამ ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელიც სამ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით შეიქმნა, 2012 წლის 8 ივნისს ტრაპიზონში გაიმართა. ბოლო შეხვედრა კი 2024 წლის 15 მარტს ბაქოში შედგა. დღეს სტამბოლში გასამართი მე-10 სამიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ამ სამი ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხედვას, რომლებიც აზიასა და ევროპას შორის სტრატეგიულ ხიდს წარმოადგენენ.
















