დანიაში 6 500-ზე მეტი მოხალისე სამხედროს მონაწილეობით ცივი ომის (1947-1991) შემდეგ ყველაზე მასშტაბური სწავლება დაიწყო.
დანიური მაუწყებლის, DR-ის ინფორმაციით, სამხედრო სწავლება სახელწოდებით „Bluetooth“-ი მოჰყვა დანიის დაზვერვის სამსახურის გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ „რუსეთმა შესაძლოა ჰიბრიდული ომის აქტივობები გააძლიეროს“.
გავრცელებული ინფორმაციით, იუტლანდიის რეგიონში დაწყებული სწავლება, რომელშიც დანიის შეიარაღებული ძალების მოხალისეთა სამხედრო ფორმირების — „Home Guard“-ის 6 500-ზე მეტი წევრი მონაწილეობს, ცივი ომის შემდგომ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნაა.
სწავლება კვირამდე გაგრძელდება და მასში მონაწილე სამხედროები გაივლიან მომზადებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ჰიბრიდული თავდასხმებისა და დივერსიული ქმედებების დროს.



















