ესპანეთის სენატმა, სადაც მემარჯვენე ოპოზიცია უმრავლესობაშია, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მადრიდში ოფიციალური ვიზიტის დროს ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმებული მეგობრობის ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა.
კენჭისყრა მაშინ ჩატარდა, როდესაც სენატიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მდებარე სამეფო სასახლეში მაკრონის, მეფე ფილიპე VI-ისა და დედოფალ ლეტიციას მონაწილეობით ოფიციალური ვახშამი იწყებოდა.
მემარჯვენე „სახალხო პარტიისა“ და ულტრამემარჯვენე პარტია „Vox“-ის 142-მა სენატორმა დოკუმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტიის“ 106-მა სენატორმა კი მხარი დაუჭირა მას.
სენატში აბსოლუტური უმრავლესობის მქონე „სახალხო პარტია“ ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლს ეწინააღმდეგებოდა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, რომ ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობის წევრი სულ მცირე სამ თვეში ერთხელ მეორე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე უნდა იქნას მიწვეული.
ესპანეთის სასამართლომ 23 სექტემბერს დაადგინა, რომ საფრანგეთ-ესპანეთის მეგობრობის ხელშეკრულება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მეგობრობის ხელშეკრულება თავდაპირველად 2023 წლის იანვარში, ბარსელონაში, მაკრონისა და სანჩესის მიერ იქნა ხელმოწერილი. მოგვიანებით, ხელშეკრულება დამტკიცდა მადრიდის დეპუტატთა კონგრესის, ასევე პარიზის საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და სენატის მიერ.
საფრანგეთს ესპანეთის გარდა ევროპაში გერმანიასთან, იტალიასთან და პოლონეთთან აქვს გაფორმებული მსგავსი მეგობრობის ხელშეკრულებები. ესპანეთს კი მსგავსი შეთანხმებები მხოლოდ თავის სხვა მეზობლებთან - პორტუგალიასთან და მაროკოსთან აქვს გაფორმებული.


























