რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით უკრაინული 660 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ეს მაჩვენებელი კონფლიქტის დაწყების დღიდან დაფიქსირებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
სამინისტრომ პარასკევს, რუსეთის სახელმწიფო პლატფორმა „Max“-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დრონები განადგურდა მრავალ რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვში, ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი სულ მცირე 47 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა შეჩერებული.
„ნამსხვრევების ვარდნის ადგილებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ“, - განაცხადა სობიანინმა Telegram-ის საშუალებით და აღნიშნა, რომ მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ტულის ოლქის გუბერნატორმა, დიმიტრი მილიაევმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან სამხრეთით დაახლოებით 180 კმ-ში მდებარე ტულის რეგიონზეც განხორციელდა „მასშტაბური“ იერიში დრონებით.
„შჩეკინოს რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში დაზიანდა კერძო სახლი, ამ თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ქალი“, - აღნიშნა მილიაევმა Telegram-ზე.
ბოლო თვეებში უკრაინამ გააძლიერა შორ მანძილზე მოქმედი დრონებით თავდასხმები რუსეთზე. უკრაინა განსაკუთრებულ სამიზნედ ირჩევს რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურას, რათა კრემლს წაართვას შემოსავლის ის სასიცოცხლო წყარო, რომელსაც მოსკოვი მეხუთე წელში გადასული ომის დასაფინანსებლად იყენებს.
გასულ კვირას მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უკრაინის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.



















