მიკალეფმა ამის შესახებ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ისაუბრა, რომლის თემა იყო „ბავშვების უსაფრთხოებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა სოციალური მედიისგან მომავალი რისკებისგან“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკრანთან გატარებული ჭარბი დრო და სოციალური მედიის მოხმარება სულ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა: „ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისისა, რომლის წინაშეც ევროპელი ახალგაზრდები დგანან“.
მიკალეფმა აღნიშნა, რომ პლატფორმები, რომლებიც მხოლოდ ზრდასრულთა კონტენტს შეიცავს, პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ, თუ ბავშვებს მათ ასაკთან შეუსაბამო მასალებზე წვდომის საშუალებას მისცემენ. მან ასევე მიუთითა წინასწარ დასკვნებზე 4 სექსუალური ხასიათის ვებგვერდთან დაკავშირებით.
„რა თქმა უნდა, ამ პლატფორმებს აქვთ თავის დაცვის უფლება, თუმცა თუ კომისიის მოსაზრებები საბოლოოდ დადასტურდება, ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება (ევროკავშირის წესებთან) შეუსაბამობის შესახებ“, - განაცხადა მან.
მიკალეფმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ კომისიის მიერ შემუშავებული ასაკის ციფრული ვერიფიკაციის აპლიკაცია და აღნიშნა, რომ „ციფრული სამართლიანობის აქტი“ (Digital Fairness Act), რომლის წარდგენაც 2026 წლის ბოლო კვარტალში იგეგმება, გააძლიერებს ბავშვების დაცვას ონლაინ გარემოში.
ამავდროულად, ევროკომისია ატარებს გამოძიებას 4 სექსუალური შინაარსის ვებგვერდის წინააღმდეგ, რომლებიც ბავშვებს მათ ასაკთან შეუსაბამო კონტენტზე წვდომის საშუალებას აძლევდნენ.
„ნამდვილი თავისუფლება არის ის, როდესაც ბავშვი რისკების გარეშე, დამოუკიდებლად იზრდება“
სესიაზე სიტყვით გამოსულმა ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექს აგიუს სალიბამ განაცხადა, რომ სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება უარყოფითად მოქმედებს ბავშვების განვითარებაზე: „ეს ეპიდემიაა. საჭიროა სასწრაფო მოქმედება“.
ჯგუფის „განაახლე ევროპა“ თავმჯდომარემ, ვალერი ჰაიერმა კი აღნიშნა, რომ ბავშვები სოციალური მედიის მოხმარების გამო „საფრთხეში“ არიან.




















