პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „აუცილებელია, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ (PKK) ყველა თავისი ელემენტით დაყაროს იარაღი, მოხდეს არალეგალური სტრუქტურის ლიკვიდაცია და ეს პროცესი ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ იქნას დადგენილი და დადასტურებული.“
პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-ში გამომავალი ჟურნალის, „Newsweek“-ის კითხვებს უპასუხა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სურთ მუდმივად ამოიღონ დღის წესრიგიდან ტერორიზმის საკითხი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სიცოცხლეს ისჯიდა, რესურსებს ანადგურებდა და თურქეთისა და რეგიონის განვითარებას წინ ეღობებოდა. მან განაცხადა:
„ამ მხრივ, მნიშვნელოვან ზღვრად მივიჩნევთ PKK-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დაშლისა და იარაღის დაყრის შესახებ, თუმცა მთავარია მიღებული გადაწყვეტილებების სრულფასოვანი შესრულება ადგილზე. საჭიროა, ორგანიზაციამ ყველა თავისი ელემენტით დაყაროს იარაღი, მოხდეს არალეგალური სტრუქტურის ლიკვიდაცია და ეს პროცესი სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა დაადასტურონ. სირიაში მიმდინარე მოვლენებსაც იმავე გაგებით ვაკვირდებით. იქ არსებული ყველა შეიარაღებული დაჯგუფების ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურის ქვეშ გაერთიანება აუცილებელია სირიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სოციალური ერთიანობის განმტკიცებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესის თანაბარი მოქალაქეობის საფუძველზე წინსვლას და ისეთი წესრიგის დამყარებას, სადაც სირიის ყველა ხალხი, ქურთების ჩათვლით, თავს უფრო უსაფრთხოდ, თავისუფლად და კეთილდღეობაში იგრძნობს. რაც უფრო გაძლიერდება სირიის ერთიანობა, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაც“.
„თურქეთის საზომი ეთნიკური იდენტობა კი არა, ტერორიზმი, ძალადობა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხეებია“
პრეზიდენტმა ერდოღანმა შეფასება გააკეთა: „ქურთები ჩვენი ძმები არიან. ათასი წელია ერთად, ერთმანეთთან შეზრდილები ვცხოვრობთ. ჩვენი სიხარულიც საერთოა. ყოველთვის ვამბობ: ქურთები, არაბები და თურქები ერთი ხორცი და ერთი სისხლია. ჩვენი ქურთი ძმების სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ტერორისტული ორგანიზაციების ან გარე ძალების ანგარიშებისგან განცალკევებით ვუყურებთ. თურქეთის საზომი ეთნიკური იდენტობა კი არა, ტერორიზმი, ძალადობა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხეებია. გვჯერა, რომ არ უნდა დავუშვათ ჩვენს რეგიონში რომელიმე თემის გამოყენება სხვა ქვეყნების ხელით წარმოებულ ომებში“.






















