გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ მზად არის 7 დღეში ხელახლა გახსნას ჰორმუზის სრუტე, თუ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის და დიპლომატიას დაუბრუნდება.
იაპონურ საინფორმაციო სააგენტო Kyodo-სთან საუბრისას ირანის მთავრობის ანონიმურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წინადადება აშშ-ს შუამავლების მეშვეობით გადაეცა და იგი ორ ქვეყანას შორის მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების განახლებას ითვალისწინებს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე — ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრის შესახებ — ირანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ტრამპთან რაიმე სახის შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხულია, თუმცა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევის ალბათობა არსებობს.
„შეთანხმებისკენ წინსვლის შესაძლებლობა არსებობს“, — განაცხადა ოფიციალურმა პირმა, თუმცა დასძინა, რომ დიპლომატიის წინსვლისთვის ვაშინგტონმა „სერიოზულობა და სიმტკიცე“ უნდა გამოავლინოს.
ირანელი ოფიციალური პირის განცხადებით, ისინი ვაშინგტონისგან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებასა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადის დასრულებას ელიან; ამ ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში კი ირანი მზად არის, სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე 7 დღეში გახსნას და მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა მოჰსენ რეზაიმ 19 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თეირანმა ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების განსაახლებლად ვაშინგტონს 7 პირობა წაუყენა.
რეზაიმ განაცხადა: „ომის დასასრულებლად ირანის პირობების მიღება აშშ-ის ინტერესებშია. ჩვენ ომისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ“.






















