მოსაზრება
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 11 წუთი
პრეზიდენტი ერდოღანი: „რეგიონის პრობლემები რეგიონის აქტორებმა უნდა გადაჭრან“
ერდოღანი: „ჩვენ ყოველთვის რეგიონული საკითხების რეგიონის ქვეყნების მიერ საკუთარ თავზე აღებისა და გადაჭრის მომხრე ვიყავით. ეს იყო ჩვენი ძირითადი მიდგომა".
პრეზიდენტი ერდოღანი: „რეგიონის პრობლემები რეგიონის აქტორებმა უნდა გადაჭრან“
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინტერვიუ გაზეთ „აშ-შარკ ალ-აუსათის“ მთავარ რედაქტორთან, გასან ჩარბელთან, ინგლისურ და არაბულ ენებზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა მექის სამმხრივი შეთანხმების იდეა და რომელი მოვლენები აღმოჩნდა გადამწყვეტი ამ პროცესში, შემდეგნაირად უპასუხა:

„მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების იდეა ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე შექმნილი ახალი პირობებისა და საერთო პასუხისმგებლობის გაცნობიერების შედეგია.

ჩვენ ყოველთვის რეგიონული საკითხების რეგიონის ქვეყნების მიერ საკუთარ თავზე აღებისა და გადაჭრის მომხრე ვიყავით. ეს იყო ჩვენი ძირითადი მიდგომა. რეგიონის პრობლემები რეგიონისავე აქტორებს უნდა გადაეჭრათ; შეიძლება ითქვას, რომ ამისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა მოძმე და მეგობარ ქვეყნებს შორის.

როგორც თურქეთი, ჩვენ მხარს ვუჭერდით არა უთანხმოებების გაღრმავებას, არამედ დიალოგისა და კონსულტაციების არხების გაძლიერებას. რადგან ვიცით, რომ მუდმივი მშვიდობა შესაძლებელია არა მხოლოდ კონფლიქტების დასრულებით, არამედ ურთიერთნდობით, პოლიტიკური ნებითა და საერთო მომავლის პერსპექტივით.

მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება სწორედ ამ მიდგომის შედეგია.

ამით, სამი ქვეყნის გაერთიანების მიღმა, ჩვენ ავიღეთ ისტორიული პასუხისმგებლობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და მოძმე ხალხების მშვიდობისთვის.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს შეთანხმება ღიაა ყველა მოძმე ქვეყნისთვის, რომელსაც ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სურს.

თურქეთი, როგორც წარსულში, დღესაც აგრძელებს მშვიდობის, სტაბილურობისა და ძმობის სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირებას.

მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას ამ ნების კონკრეტულ გამოხატულებად მივიჩნევთ და არ ვერიდებით მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობის გაზრდას.

იმედია, საუდის არაბეთის, პაკისტანისა და თურქეთის სახით, ჩვენს რეგიონში თანამშრომლობისა და სოლიდარობის ახალი ეპოქის კარი გავაღეთ.

ჩვენ ვართ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნება, ეს კარი მუდამ ღია დატოვონ და წვლილი შეიტანონ მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“.

„ჩვენი ხედვაა, ოდესმე რეგიონის ყველა ქვეყანა ამ ჭერის ქვეშ გავაერთიანოთ“

კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ეს შეთანხმება დაკავშირებული აშშ-სა და ირანს შორის არსებულ დაძაბულობასთან, პრეზიდენტმა ერდოღანმა ასე უპასუხა:

„აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის მიმდინარეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეგიონული მოვლენების კუთხით.

თუმცა, მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების განხილვა მხოლოდ ამ დაძაბულობით გამოწვეულ კონიუნქტურულ მოვლენად, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკისა და განზრახვის არასწორი გაგება იქნებოდა.

შეთანხმება, რომელიც ადასტურებს გაეროს წესდების 51-ე მუხლით განსაზღვრულ თავდაცვის უფლებას, არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ და ღიაა ყველა მოძმე ქვეყნისთვის, რომლის მიზანიც ჩვენი რეგიონის მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობაა.

ფაქტობრივად, ჩვენი ხედვა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამი ქვეყნით; ჩვენი მიზანია უფრო მეტად გავიზარდოთ და, თუ შესაძლებელი იქნება, ოდესმე რეგიონის ყველა ქვეყანა ამ ჭერის ქვეშ გავაერთიანოთ. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი რეგიონში მუდმივი სტაბილურობის დასამყარებლად.

ნაბიჯს, რომელიც დღეს გადავდგით, რა თქმა უნდა, თავისი წინაპირობები აქვს. ეს შეთანხმება დიდი ხანია წარმოადგენს ერთ-ერთ საკითხს, რომელსაც განვიხილავდით ჩვენს პარტნიორებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შეხვედრებისას.

დიდი ხანია ვამბობთ, რომ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად შესაბამის ქვეყნებს შორის რეგულარული კონსულტაციებია საჭირო და ჩვენც სწორედ ამის მიხედვით ვმოქმედებთ.

რადგან ვიცით, რა კატასტროფებამდე მიჰყავს რეგიონი გარედან თავსმოხვეულ „რეცეპტებს“ პრობლემების გადაჭრისას.

ამიტომ, თურქეთი ყოველთვის ატარებს პოლიტიკას, სადაც გადამწყვეტი რეგიონის ქვეყნების საკუთარი ნება და საერთო გონიერებაა.

შესაბამისად, მექაში ჩამოყალიბებულ სამმხრივ მექანიზმს ვერ განვიხილავთ, როგორც მხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებას. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არის სტრატეგიული ნება, რომელიც გამოვლენილია ცვალებადი რეგიონული პირობების საპასუხოდ.

როგორც თურქეთი, ჩვენ ყოველთვის დაძაბულობის ნაცვლად დიპლომატიის, კონფლიქტის ნაცვლად დიალოგის და დაქსაქსულობის ნაცვლად რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მომხრე ვართ.

ჩვენ, როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ყველა მხარესთან საუბარი და საჭიროების შემთხვევაში რთულ საკითხებში პასუხისმგებლობის აღება, კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას რეგიონში მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“.

„ამ შეთანხმებით ჩვენ არცერთ ქვეყანას არ ვიღებთ მიზანში“

კითხვაზე, რომელიც ეხებოდა შეთანხმების თავდაცვით ხასიათს და იმ პუნქტს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ მხარეზე განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმა სამივე მხარეზე განხორციელებულად ჩაითვლება, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა:

„დიახ, მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება, როგორც მისი დასახელებიდანაც ჩანს, თავდაცვის საერთო მიდგომას ეფუძნება.

წმინდა ქალაქ მექაში, როგორც მოძმე ქვეყნებს, ასეთ შეთანხმებაზე ხელმოწერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამით ბედნიერები ვართ.

მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, კოლექტიურ შეკავებაზე დაფუძნებული შეთანხმებაა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც წინ წაწევს ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ხელს შეუწყობს თავდაცვის მრეწველობაში ერთობლივი პროექტების განვითარებას და გაგვაძლიერებს ტერორიზმთან ბრძოლაში.

ამ შეთანხმებით ჩვენ არცერთ ქვეყანას არ ვიღებთ მიზანში, მიზანი მხოლოდ რეგიონის მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობაა.

როგორც შეთანხმების მუხლებშია ნათლად და გარკვევით მითითებული, აქ მთავარია ის, რომ რომელიმე მხარის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე სხვა მხარეების მიერაც უსაფრთხოების საერთო საკითხად იქნას აღქმული.

თუმცა, ეს მხოლოდ სამხედრო დებულებად არ უნდა ჩაითვალოს. შეთანხმების მთავარი მიზანია შეკავების ძალის გაძლიერება, მხარეთა უსაფრთხოების განმტკიცება ურთიერთსოლიდარობის საფუძველზე და რეგიონული სტაბილურობის დაცვა.

თურქეთის მიღწევები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ბოლო წლებში ყველას მიერ არის აღიარებული.

ამ ნაბიჯების გადადგმისას, მოძმე და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობითა და შეთანხმებებით, ჩვენ ამ ყველაფერს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის განმამტკიცებელ ხასიათს ვძენთ.

ამავდროულად, როგორც ამ ალიანსის ხელმომწერი ქვეყნები, ჩვენ ვაგზავნით გზავნილს, რომ ერთმანეთისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ, პირიქით - ვიღებთ ვალდებულებას ერთმანეთის უსაფრთხოების გარანტირებაზე და ერთმანეთთან სოლიდარულად ვართ.

მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების გზავნილი სრულიად ნათელია: „ერთის უსაფრთხოება ყველას უსაფრთხოებაა. გვჯერა, რომ თუ ამ მიდგომას ჩვენს რეგიონში ინკლუზიური ხედვით განვახორციელებთ, შევძლებთ შევქმნათ მუდმივი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარემო, რაც ყველასთვის სასარგებლო იქნება, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა“.

„რეგიონის მომავალი რეგიონის ქვეყნების ნებისგან დამოუკიდებლად ვერ ჩამოყალიბდება“

პრეზიდენტმა ერდოღანმა კითხვას - შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონულმა ძალებმა გადაწყვიტეს საკუთარ თავზე აიღონ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა, რომელიც მანამდე მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს ეხებოდათ - შემდეგნაირად უპასუხა:

„ამიერიდან რეგიონის ქვეყნები ვალდებულნი არიან, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და მომავალზე.

ეს სწორედ ის მიდგომაა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვიცავთ. რეგიონის პრობლემები ყველაზე უკეთ სწორედ იმ რეგიონის ქვეყნებმა და ხალხებმა იციან.

ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა, შეუძლია გლობალური მასშტაბის შედეგების გამოწვევა. რეგიონული პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და საერთო ნების გაძლიერება ხელს შეუწყობს გლობალური სტაბილურობის განმტკიცებასაც.

როგორც თურქეთი, ჩვენ უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ რეგიონის ქვეყნებმა ერთმანეთთან უფრო ძლიერი მექანიზმები ჩამოაყალიბონ და ერთობლივად უზრუნველყონ უსაფრთხოება და სტაბილურობა.

ჩვენ რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანასთან ძალიან კარგი დონის ურთიერთობები გვაქვს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ სასარგებლოა რეგიონის ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის უფრო მუდმივი ხასიათის გახდომა. ამ კონტექსტში, გვწამს, რომ რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოება და ეკონომიკური სტაბილურობა უნდა დაიცვან ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის გზით.

დღევანდელი სურათის ყველაზე მკაფიო მანიშნებელია ის, რომ რეგიონის მომავალი ვერ ჩამოყალიბდება რეგიონის ქვეყნების ნებისგან დამოუკიდებლად.

ჩვენი მიზანია არა გამომრიცხველი ბლოკების შექმნა, არამედ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, ურთიერთნდობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე აგებული რეგიონული თანამშრომლობის წესრიგი.

თურქეთი კვლავაც გააგრძელებს ამ მიდგომით მოქმედებას, საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღებას და დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასე განაგრძო:

„მწამს, რომ მექის შეთანხმება დიდ წვლილს შეიტანს ყურის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც მოემსახურება რეგიონის კეთილდღეობას, სიმშვიდესა და უსაფრთხოებას.

ყურის რეგიონის უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობისთვისაც.

ენერგომომარაგების უსაფრთხოებიდან საზღვაო გზების დაცვამდე, ვაჭრობის უწყვეტობიდან გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობამდე - ბევრი საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ამ რეგიონის მშვიდობასთან.

ეს არ არის თეორიული განაცხადი; ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ნათლად დაგვანახა.

შესაბამისად, ყურის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს ფასდაუდებლად მივიჩნევთ არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

გვწამს, რომ მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება დიდ წვლილს შეიტანს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სოლიდარობაში და შეცვლის არსებულ პარადიგმას.

უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება პარალელურად მიმდინარეობს.

ევროპა, დიდი ომების შემდეგ, ჯერ ერთობლივ სტაბილურობამდე და უსაფრთხოებამდე, შემდეგ კი ეკონომიკურ ინტეგრაციამდე და კეთილდღეობამდე მივიდა. ჩვენ შეგვიძლია ამ წერტილამდე ერთად მივიდეთ ამდენი ტკივილის გამოვლის გარეშე. იქ, სადაც არ არის სიმშვიდე, შეუძლებელია ვაჭრობის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის მდგრადობა. ყურის სტაბილურობა, ამავდროულად, სტრატეგიული საკითხია აზიას, ევროპასა და აფრიკას შორის ეკონომიკური კავშირების უსაფრთხოების კუთხით.

ყურის მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენივე უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის პერსპექტივისგან განცალკევებით არ განვიხილავთ.

ამიტომ, კვლავაც გავაგრძელებთ ყოველგვარი პასუხისმგებლობის აღებას და ჩვენს კონსტრუქციულ დიპლომატიურ ძალისხმევას“.

„ჰორმუზის სრუტე გლობალური ეკონომიკის ერთგვარი მთავარი არტერიაა“

პრეზიდენტმა ერდოღანმა ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

„ჰორმუზის სრუტე მხოლოდ რეგიონული კი არა, გლობალური მნიშვნელობის მქონე წერტილია. ის სტრატეგიული გასასვლელია გლობალური ენერგომომარაგებისა და საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ნავთობის ფასების მაგალითზე მთელმა მსოფლიომ დაინახა და იგრძნო, რომ აქ წარმოქმნილი ნებისმიერი დაძაბულობის შედეგები მხოლოდ რეგიონის ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ჰორმუზის სრუტემ დაამტკიცა, რომ ის გლობალური ეკონომიკის ერთგვარი მთავარი არტერიაა.

ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ არსებული დაძაბულობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ჰორმუზის სრუტემ კვლავ უსაფრთხოდ, სტაბილურად და უწყვეტად ემსახუროს საერთაშორისო ვაჭრობას.

ამის განხორციელება კი დამოკიდებულია მხარეების კეთილგონიერებაზე და დიპლომატიური არხების ღიად დატოვებაზე.

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დაძაბულობის ესკალაციის მომხრე, პირიქით - ყოველთვის მხარს ვუჭერდით ყველა მხარესთან დიალოგს და პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ვცდილობდით მხარეების ერთ მაგიდასთან დასმას.

რადგან ვიცით, რომ იქნება ეს ჰორმუზში, უკრაინაში თუ პალესტინაში, მუდმივი გადაწყვეტის გზა გადის არა კონფლიქტზე, არამედ დიპლომატიაზე.

ასეთი კრიტიკული მნიშვნელობის წყლის გზის უსაფრთხოებაზე რეგიონის ქვეყნებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

გვჯერა, რომ რეგიონული პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების საერთო აღქმის გაძლიერება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჰორმუზის სრუტის სტაბილურობაში.

მიზანი უნდა იყოს ჰორმუზის სრუტის დაბრუნება უსაფრთხო, სტაბილურ და ნორმალურ ფუნქციონირებაზე, და ეს მდგომარეობა მუდმივი უნდა გახდეს“.

საუდის არაბეთთან ურთიერთობების შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა:

„საუდის არაბეთთან ჩვენს ურთიერთობებს ვაფასებთ, როგორც სტრატეგიულ კავშირს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენი საერთო ისტორიით, ძმური კავშირებითა და ორმხრივი ინტერესებით. თურქეთი და საუდის არაბეთი მხოლოდ მეგობარი და მოძმე ქვეყნები კი არა, ასევე ორი ისეთი სახელმწიფოა, რომელთაც რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის კუთხით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრიათ. კმაყოფილები ვართ იმ იმპულსით, რომელსაც ბოლო პერიოდში ჩვენს ურთიერთობებში მივაღწიეთ.

პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასთან ერთად, ჩვენ ვავითარებთ თანამშრომლობას მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, თავდაცვის მრეწველობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებით.

საუდის არაბეთთან ურთიერთობებს განვიხილავთ არა როგორც დროებით მოვლენას, არამედ როგორც გრძელვადიან საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კავშირს.

იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი რეგიონი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის მჭიდრო კონსულტაციებსა და თანამშრომლობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გვჯერა, რომ მექის შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას მრავალ სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

ვაცნობიერებთ ჩვენს საერთო პასუხისმგებლობას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და სწორედ ამის მიხედვით ვმოქმედებთ.

როგორც თურქეთი, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საუდის არაბეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. რადგან ჩვენს რეგიონში მცირე კრიზისის შედეგებსაც კი - იქნება ეს მიგრაცია თუ ტერორიზმი - რეგიონის ყველა ქვეყანა გრძნობს.

მწამს, რომ მომავალ პერიოდში გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს“.

„ჩვენი სურვილია ლიბანში სტაბილურობის აღდგენა“

ლიბანში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა:

„ლიბანი ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფიულად ახლოს მყოფი ქვეყანა არ არის; ის არის მეგობარი და მოძმე ქვეყანა, რომელთანაც ისტორიული კავშირები გვაკავშირებს.

ლიბანის მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა უდიდესი მნიშვნელობისაა მთელი ჩვენი რეგიონის სტაბილურობისთვის. რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, დაცული უნდა იყოს ლიბანის სუვერენიტეტი, პოლიტიკური ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა.

ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ლიბანის შიდა საკითხების გარე ჩარევით ან სამხედრო მეთოდებით კიდევ უფრო გართულებისა და ქვეყნის გარე ძალების კონკურენციის ასპარეზად ქცევის. გვწამს, რომ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თავად ლიბანელებმა საკუთარი ნებით უნდა მიიღონ.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ისრაელის თავდასხმები ლიბანზე, რომლის აგრესიული და ექსპანსიონისტური პოლიტიკა რეგიონში მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ამ კონტექსტში, დადებითად ვაფასებთ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად მიმდინარე მოლაპარაკებებს. ლიბანის უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონული მშვიდობისგან განუყოფელია.

ახლო აღმოსავლეთის ბედი არ უნდა იწერებოდეს მუდმივი კონფლიქტებით, ნგრევითა და ტკივილით. ეს რეგიონი იმსახურებს მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას.

როგორც თურქეთი, სწორედ ეს მიდგომა უდევს საფუძვლად ჩვენს ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას. ჩვენი რეგიონი მრავალი წელია ომთან და ცრემლთან ასოცირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის შესაცვლელად.

ბუნებრივია, ჩვენი სურვილია ლიბანში სტაბილურობის აღდგენა, მისი ინსტიტუტების გაძლიერება და ხალხის მიერ მომავლისადმი იმედით ყურება უსაფრთხო გარემოში. ამ ფარგლებში, მზად ვართ აღმოვუჩინოთ ყოველგვარი ტექნიკური მხარდაჭერა და დავამყაროთ თანამშრომლობა. ეს ნება ჩვენს ქვეყანაში ახლახან სტუმრად მყოფ პრეზიდენტ აუნსა და პრემიერ-მინისტრ სალამსაც დავუდასტურეთ“.

კითხვაზე - „როგორ აფასებთ სირიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესს დღემდე?“ - პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა:

„სირიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესს ისტორიულ გარდამტეხ მომენტად მივიჩნევთ სირიელი ხალხის მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის ნების კუთხით.

როგორც თურქეთი, ჩვენ თავიდანვე ვიცავდით სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ ერთიანობასა და სუვერენიტეტს.

ომმა, ტერორმა და არასტაბილურობამ, რომელიც სირიას დაატყდა თავს, მთელ რეგიონს მძიმე ფასი გადაახდევინა. ახლა ჩვენ წინაშე ახალი ეპოქაა. ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ ეს პერიოდი მუდმივი მშვიდობის, სტაბილურობისა და აღმშენებლობის საწინდარი გახდეს.

ჩვენ არ დავუშვებთ სირიის ჩრდილოეთში ან სხვა რომელიმე რეგიონში ისეთი სტრუქტურების არსებობას, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის თურქეთის უსაფრთხოებას. რამდენადაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის სირიის ტერიტორიული მთლიანობა, იმდენადვე მნიშვნელოვანია თურქეთის ეროვნული უსაფრთხოება.

პროცესის დასაწყისიდანვე ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩვენს სირიელ ძმებს საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოდ და მშვიდად ეცხოვრათ.

ფაქტობრივად, 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სირიამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ნიადაგის მომზადებისა და საზოგადოებრივი შერიგების პროცესში. ამ შედეგის მიღწევაში, ბუნებრივია, გადამწყვეტი როლი ითამაშა რეგიონულმა პასუხისმგებლობამ და იმ მხარდაჭერამ, რომელიც სირიის მთავრობის მიმართ რეგიონულ დონეზე ჩამოყალიბდა.

სირიის მთავრობა, რომელმაც კარგი ურთიერთობები დაამყარა რეგიონულ და საერთაშორისო საზოგადოებასთან, ავლენს უნარს, დარჩეს დამატებითი კონფლიქტების მიღმა და ფოკუსირდეს მდგრადი სტაბილურობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე.

დღეს სირიის ნორმალიზება, არსებითად, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი გახდა. არასტაბილურობის წყაროდ ყოფნის ნაცვლად, სირიის სახელი ახლა უკვე დაკავშირებადობისა და განვითარების პროექტებთან ასოცირდება.

თურქეთი, როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს თავისი პასუხისმგებლობის შესრულებას სირიის სტაბილურობის, მისი ფეხზე დაყენებისა და რეგიონული მშვიდობის განმტკიცებისთვის. ამ მიმართულებით თურქეთს აქვს ნება, იმოქმედოს რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ახლა, როდესაც სირიაში ახალი ფურცელი გადაიშალა, ეს ფურცელი უნდა დაიწეროს არა ახალი ტკივილით, არამედ მშვიდობის, ძმობის, სუვერენიტეტისა და საერთო მომავლის ხედვით“.

აღმოაჩინეთ
რუსეთში თათრეთის რესპუბლიკაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არაღჩი: „ამჟამად აშშ-სთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“
საბერძნეთის 106 სხვადასხვა წერტილში აქციები „თავისუფლება პალესტინას“ გაიმართა
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებს „ჩუმად“ აწარმოებენ
უკრაინა: რუსულმა არმიამ ამ ღამით 17 რაკეტითა და 202 დრონით მიიტანა იერიში
ფიდანი: მექის შეთანხმება ერთობლივ თავდაცვას უზრუნველყოფს, თუმცა არ შეიცავს კონკრეტულ მიზანს ან მტერს
რუსულმა თავდასხმებმა კიევის მახლობლად სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, იმსხვერპლა
ითო მიესალმა თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის „ისტორიულ“ თავდაცვის შეთანხმებას
რუსეთისა და უკრაინის ურთიერთბრალდება მასირებული თავდასხმის შესახებ: Wildberries-ი ალშია გახვეული
თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის „მექის თავდაცვის შეთანხმება“
ტაილანდში სკოლაზე თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა; გარდაიცვალა ახალგაზრდა ეჭვმიტანილიც
ისრაელის დიასპორის მინისტრი ჩიკლი: მაკრონმა ზურგში დანა ჩაგვცა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი თავდაცვის სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ
გაეროს უშიშროების საბჭომ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა დაგმო
ერდოღანი საუდის არაბეთს ეწვევა სალმანთან და შარიფთან შეხვედრების გასამართად