დანიამ განაცხადა, რომ უკრაინას როგორც სამხედრო, ისე ენერგეტიკულ სფეროში დაახლოებით 750 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ პრესისთვის განცხადება გააკეთა.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიზნით რიგით 32-ე დახმარების პაკეტს განახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც უკრაინას 720 მილიონი დოლარის (4,8 მილიარდი დანიური კრონა) ღირებულების დახმარება გაეწევა.
რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ელექტროენერგიის შეფერხებებია და მოსახლეობას ცივ ამინდთან გამკლავებაც უწევს, რის გამოც დანია ენერგეტიკის სფეროში უკრაინას დამატებით 22,5 მილიონი დოლარის (150 მილიონი დანიური კრონა) რესურსს გამოუყოფს.
რასმუსენმა ასევე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში და აღნიშნა, რომ ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა დღეს გამოცხადდა.
დანიის თავდაცვის მინისტრმა იეპე ბრუსმაც განაცხადა, რომ ზელენსკის ვიზიტის წინ გამოცხადებული დახმარების პაკეტი იმის დასტურია, რომ ისინი ყოველთვის უკრაინის გვერდით დგანან.
დანიის პრემიერ-მინისტრის აპარატმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი დღეს დედაქალაქ კოპენჰაგენში სკანდინავიური ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.























