ესპანეთში მუშებისა და მოიჯარეების პროფკავშირები საბინაო კრიზისის მოგვარებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით 24-საათიან საყოველთაო გაფიცვას მართავენ.
საყოველთაო გაფიცვა, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებულ დაახლოებით 19 მილიონ ადამიანს შეეხება, შუაღამისას დაიწყო.
ქვეყანაში 14 წლის შემდეგ გამართული პირველი საყოველთაო გაფიცვის სლოგანია „ხელფასები, საცხოვრებელი და ფასები“.
შრომის საყოველთაო პროფკავშირმა (UGT), მუშათა კომისიებმა (CCOO), შრომის გენერალურმა კონფედერაციამ (CGT) და კიდევ ხუთმა პროფკავშირმა 24-საათიანი გაფიცვის მოწოდება შრომის სამინისტროს ოფიციალურად წარუდგინეს.
გაფიცვის პირველ საათებში მუშების საპროტესტო აქციები განსაკუთრებით რკინიგზის სადგურებთან, ბოსტნეულისა და ხილის საბითუმო ბაზრებსა და სამრეწველო სექტორში გაიმართა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, სადგურებსა და ქარხნებში შესვლა შეეფერხებინათ.
CCOO პროფკავშირმა საკუთარ ვებგვერდზე, სადაც გაფიცვის მიზეზებია განმარტებული, განაცხადა: „პრობლემა სიმდიდრის ნაკლებობა არ არის. პრობლემა ისაა, თუ როგორ ნაწილდება სიმდიდრე. კომპანიებმა, დამსაქმებელთა ორგანიზაციებმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მთავრობამ უნდა იმოქმედონ“.
UGT პროფკავშირმა კი საკუთარ მანიფესტში აღნიშნა: „ღირსეული ხელფასებისა და საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობისთვის. საჯარო მომსახურების დაცვისთვის, სიმდიდრის სამართლიანი განაწილებისა და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვისთვის. უთანასწორობის წინააღმდეგ, მობილიზაციისა და ბრძოლის გზით“.
ამასთანავე, კულტურისა და ხელოვნების სფეროს 800-ზე მეტმა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა საყოველთაო გაფიცვის მხარდამჭერ მანიფესტს.
მანიფესტში მოთხოვნილია „სტაბილური საცხოვრებელი გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულებებით, ქირის ზედა ზღვრის დაწესება მაღალი მოთხოვნის მქონე რაიონებში და იძულებითი გამოსახლების შეწყვეტა“.
საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც დედაქალაქ მადრიდში, ისე ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის ბარსელონაში.
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება.























