აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთ ჰოლივუდის უბანში, მეტროს შესასვლელთან, ავტომობილი ქუჩის გამყიდველებისა და ქვეითების მასაში შევარდა, რის შედეგადაც, პირველადი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ საღამოს საათებში SUV-ის ტიპის ავტომობილი ჩრდილოეთ ჰოლივუდის უბანში, მეტროსადგურთან ახლოს მყოფ ხალხში შევარდა.
განცხადების თანახმად, ავტომობილის მძღოლი, რომელიც სულ მცირე 6 ქვეითს დაეჯახა, ასევე გადაყვანილია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებითაც, პირველადი ინფორმაციით, 3 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო 3 მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, უორნერ კასტილიომ შემთხვევის ადგილზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 60-მდე წლის მძღოლს ჩაუტარდა შესაბამისი ტესტები იმის დასადგენად, იმყოფებოდა თუ არა იგი შემთხვევის დროს რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.























