ალჟირმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. ალჟირის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ქვეყნის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ, APS-მა გამოაქვეყნა.
განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შენარჩუნების ყველა გზა ამოიწურა და დღეიდან დიპლომატიური კავშირები წყდება, ნათქვამია:
„არაბთა გაერთიანებული საამიროების მზარდი პროვოკაციული და მტრული ქმედებების საპასუხოდ, ალჟირი მოქმედებდა დიდი თავშეკავებითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მარეგულირებელი პრინციპების სრული პატივისცემით, არ დაიშურეს ძალისხმევა არაბთა გაერთიანებულ საამიროების მხარისთვის ყურადღების მისაპყრობად და მათ გასაფრთხილებლად იმ მძიმე შედეგების შესახებ, რაც ამ სამწუხარო და უსამართლო ქცევას შეიძლება მოჰყვეს.“
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, არაბთა გაერთიანებულ საამიროები თავის ქმედებებში კვლავინდებურად დაჟინებული დარჩა და აღნიშნული ქმედებები „სცდება იმ საზღვრებს, რაც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ფარგლებში უკვე აღარ არის მისაღები, ასატანი ან უპასუხოდ დასატოვებელი“.
განცხადების თანახმად, ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების ყველა გზა ამოწურულია და ალჟირის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილების ოფიციალურად შესატყობინებლად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი ალჟირში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩს ეცნობა, რომ მას გადაწყვეტილების შესასრულებლად და ქვეყნის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა ეძლევა.
შეგახსენებთ, რომ ალჟირმა 2026 წლის თებერვალში განაცხადა, რომ იწყებდა ოფიციალურ პროცედურებს 2013 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ხელმოწერილი საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გასაუქმებლად.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ალჟირის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ალჟირის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნმა გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მის ქვეყანას სპარსეთის ყურის ყველა სახელმწიფოსთან თბილი ურთიერთობა აქვს, გარდა ერთისა; ეს სიტყვები არაბთა გაერთიანებულ საამიროების მიმართ ფარულ მინიშნებად იქნა აღქმული.
ტებუნმა საუდის არაბეთთან, ქუვეითთან, ომანთან და კატართან ურთიერთობები „ძმურად“ შეაფასა.
აბდელმაჯიდ ტებუნმა მაშინ განაცხადა, რომ ალჟირი არაბულ სამყაროში „განხეთქილების გაღრმავების“ თავიდან ასაცილებლად რომ არ ეცადა, დიპლომატიური გაწყვეტა „უკვე დიდი ხნის წინ მოხდებოდა“.






















