უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მაგიარმა ორშაბათს პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი არ გადადგება, მთავრობა მისი გადაყენების მიზნით სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებს.
მაგიარის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია „ტისამ“ (Tisza), აპრილში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელისუფლებას ჩამოაშორა და პირობა დადო, რომ თანამდებობიდან გადააყენებდა ბევრ იმ პირს, რომლებიც ორბანმა ბოლო 16 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან საჯარო პოსტებზე დანიშნა.
მაგიარმა გადადგომისკენ მოუწოდა შუიოკსაც, რომელიც 2024 წლის დასაწყისში ორბანის პარტია „ფიდესის“ (Fidesz) დეპუტატებმა აირჩიეს, და პრეზიდენტი მნიშვნელოვან საკითხებში ეროვნული ერთიანობის წარმოდგენისუუნარობასა და ორბანისა და მისი მთავრობის ინტერესების მსახურებაში დაადანაშაულა.
შუიოკმა კი თანამდებობიდან გადადგომაზე უარი თქვა.
„პრეზიდენტს ვუთხარი, რომ თუ ის თავის პოზიციას შეინარჩუნებს და არ გადადგება, დღესვე გავაცნობ ჩვენს საკანონმდებლო წინადადებებს „ტისას“ დეპუტატებს და დაუყოვნებლივ დავიწყებთ საჭირო პროცედურებს“, — განაცხადა მაგიარმა.
მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტში თავისი პარტიის ორი მესამედის უმრავლესობის გამოყენებით, შეცვლიდა კონსტიტუციასა და სხვა კანონებს, რათა შუიოკი თანამდებობიდან გადაეყენებინა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროცედურები დაახლოებით ერთ თვეს გასტანს და ყველა ის „თოჯინა“, რომელიც მონაწილეობდა „კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ნგრევის“ პროცესში, თანამდებობიდან იქნება დათხოვნილი.
„უკანონო ულტიმატუმი“
ორბანის პარტია „ფიდესმა“ კი მაგიარი „უკანონო ულტიმატუმის“ წაყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შუიოკი თავის კანონიერ მოვალეობას ასრულებს, რომელიც 2029 წლამდე გრძელდება, და მისი გადაყენება შეუძლებელია.
შუიოკი, რომელიც მანამდე უნგრეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, ამ პოზიციაზე „ფიდესმა“ 2016 წელს აირჩია.
უნგრეთში პრეზიდენტის პოსტი მეტწილად სიმბოლურია, თუმცა შუიოკს შეუძლია კანონპროექტები გადასახედად პარლამენტს დაუბრუნოს ან საკონსტიტუციო სასამართლოში გადააგზავნოს. ამ უფლებამოსილებებით მას შეუძლია შეაფერხოს ან დაბლოკოს მაგიარის რეფორმების დღის წესრიგი.



















