სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) აღძრულ გენოციდის საქმეში თურქეთის მხარდაჭერა „ძალიან მკაფიოა“.
კრუგერის ეროვნულ პარკში გამართულ სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოების (SADC) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ლამოლამ სააგენტო „ანადოლუს“ (AA) კორესპონდენტთან ისრაელის წინააღმდეგ აღძრული საქმის მიმდინარეობა შეაფასა.
მან აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკა ხელმძღვანელობს ე.წ. „ჰააგის ჯგუფს“, რომლის მიზანია საერთაშორისო სამართლის ეროზიის თავიდან აცილება და დასძინა: „ბევრი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, შეუერთდა სამხრეთ აფრიკას ამ საქმეში“.
ლამოლამ ხაზი გაუსვა თურქეთთან კოორდინირებულ მოქმედებას: „ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თურქეთთან. თურქეთმა საქმისადმი თავისი მხარდაჭერა ძალიან მკაფიოდ გამოხატა“.
სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ ICJ-ში აღძრული გენოციდის საქმე
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ 2023 წლის 29 დეკემბერს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 1948 წლის გაეროს „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვენციის დარღვევის საფუძველზე.
სასამართლომ 2024 წლის 26 იანვარს, 28 მარტსა და 24 მაისს სამი სხვადასხვა დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილებებით ისრაელს მოეთხოვებოდა ყველა საჭირო ზომის გატარება გენოციდის კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული ქმედებების აღსაკვეთად, ისრაელის არმიის მიერ გენოციდური აქტების პრევენციის ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება, განსაკუთრებით რაფაჰში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა, რომლებმაც შესაძლოა გენოციდის საფრთხე შექმნას, და მიღებული ზომების შესახებ სასამართლოსთვის რეგულარული ანგარიშგება.
ისრაელმა, ვადის ორჯერ გახანგრძლივების მოთხოვნის შემდეგ, საპასუხო შუამდგომლობა სასამართლოს 12 მარტს წარუდგინა.
თურქეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ირლანდია, კოლუმბია, მექსიკა, ჩილე, ბოლივია, კუბა, ბელიზი, ბრაზილია, კომორის კუნძულები და ნამიბია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც საქმეში ჩაერთვნენ.



















