აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების „მნიშვნელოვნად შემცირების“ დავალება მისცა. თავისი გადაწყვეტილების მიზეზად მაღალი ხარჯებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ურთიერთობის დასახელებით, ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შემდეგი სიტყვები გამოიყენა:
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხნის წინ დათანხმდა სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას.“
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს წვრთნები ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისთვის „შეუფერებელ და მტრულ“ გზავნილს წარმოადგენს და ხაზი გაუსვა, რომ მათი მასშტაბი უნდა შემცირდეს.
„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირადღირებულია – რომელთა ხარჯების უმეტეს ნაწილსაც (როგორც ყოველთვის!) ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს – არამედ სრულიად შეუფერებელ და მტრულ გზავნილს უგზავნის ქვეყანას, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს და პატივისცემას ინარჩუნებს მანამ, სანამ დონალდ ჯ. ტრამპი პრეზიდენტია“, – განაცხადა მან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ წვრთნების სრულად გაუქმებისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო, ამიტომ თავდაცვის მინისტრ ჰეგსეთს წვრთნების მასშტაბის „მნიშვნელოვნად შემცირების“ დავალება მისცა.
მან ეს მოვლენა სამხრეთ კორეასთან სხვა კონტაქტსაც დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიონს ჰკითხა, შეუერთდებოდა თუ არა სეული ვაშინგტონის ძალისხმევას „ირანის ბირთვული განიარაღების“ საქმეში, რაზეც პასუხად მიიღო: „არა, გმადლობთ“.



















