ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა: „თურქეთი ალიანსში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიის მქონეა. იგი არაჩვეულებრივად აღჭურვილი და გაწვრთნილია. მას აქვს უზარმაზარი თავდაცვის ინდუსტრიის უპირატესობა“.
მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, სააგენტო „ანადოლუს“ (AA) კორესპონდენტის კითხვებს უპასუხა 7-8 ივლისს დაგეგმილი ანკარის სამიტის მოლოდინების, ალიანსის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევებისა და ნატო-ში თურქეთის წვლილის შესახებ.
ინტერვიუს ზოგიერთი ნაწილი:
კითხვა: ბატონო გენერალურო მდივანო, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ ანკარის სამიტისგან? თქვენი აზრით, რა შედეგები გახდის სამიტს წარმატებულს?
მარკ რუტე: იმედი მაქვს, რომ მომავალში ანკარის სამიტს გაიხსენებენ, როგორც სამიტს, სადაც გაცემული დაპირებები რეალობად იქცა. ჰააგაში სიტყვა ვთქვით, ანკარის სამიტი კი აღსრულების სამიტი უნდა იყოს.
კითხვა: სულ უფრო ხშირად გვესმის ტერმინი „ნატო 3.0“. თქვენც ახსენებთ ამას და ამბობთ, რომ ტრანსფორმაცია აუცილებელია. რა არის „ნატო 3.0“? რას ნიშნავს ეს კონცეფცია მოკავშირეებისთვის? რატომ გახდა საჭირო ასეთი ტრანსფორმაცია?
მარკ რუტე: „ნატო 3.0“ ნიშნავს განსხვავებულ სტრუქტურას „ნატო 2.0“-ისგან, რომელიც აშშ-ზე ზედმეტად იყო დამოკიდებული. აშშ გააგრძელებს ევროპაში ყოფნას როგორც თავისი კონვენციური სამხედრო შესაძლებლობებით, ისე ბირთვული შეკავების პოლიტიკით. თუმცა, ამიერიდან ჩვენ ვიხილავთ ნატოს, სადაც ევროპა მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.
ეს აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ წარმოებული ომის გამოც. რუსეთის მასშტაბური სამხედრო გაძლიერების ფონზე გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით. ეს ვითარება ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ზოგად მდგომარეობასაც. თუ გვსურს, რომ მომავალში ნატო მაქსიმალურად ძლიერი იყოს, ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ.
ეს ყველაფერი ნიშნავს ნატოს, სადაც ტვირთის განაწილება უფრო სამართლიანია, რაც მას ბევრად აძლიერებს, ზრდის შეკავების ძალას რუსეთის წინაშე და არ არის გულუბრყვილო ჩინეთის საკითხშიც.
„თურქეთი ნატო-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა“
კითხვა: როგორ აფასებთ მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წვლილს ალიანსში? რა მნიშვნელობა აქვს თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას ნატოს კოლექტიური უსაფრთხოებისთვის? რა შეუძლია გააკეთოს ნატომ თურქეთის უსაფრთხოების ინტერესების უკეთ დასაცავად?
მარკ რუტე: თურქეთი ნატო-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი დამფუძნებელ წევრებს შორის არ ყოფილა, ალიანსის შექმნიდან მხოლოდ 3 წელიწადში, 1952 წელს შეუერთდა ნატოს. შესაბამისად, იგი თითქმის თავიდანვე ალიანსის ნაწილია. დღეს თურქეთს ნატოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს. თურქეთის შეიარაღებული ძალები არაჩვეულებრივად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი.
გარდა ამისა, დიდი უპირატესობაა თავდაცვის ინდუსტრიის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაახლოებით 3 ათას კომპანიას აერთიანებს. ეს დიდი, საშუალო და მცირე საწარმოები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინოვაციებს; ისინი ქმნიან უახლეს ტექნოლოგიებს და, მაგალითად, უკრაინის ომის დროს ბრძოლის ველიდან მიღებულ გამოცდილებას თავდაცვის წარმოებაში ნერგავენ. ეს თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას ძალიან აძლიერებს.
სწორედ ამიტომ, მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ნატოს სამიტის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი 7 ივლისს ანკარაში ჩაგვეტარებინა. ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ზოგადად ნატოს თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები. ასეთი ფორუმისთვის თურქეთის მასპინძლობა ძალიან სწორი არჩევანია.
აპრილში ვესტუმრე ASELSAN-ს. ამ კომპანიის ახლოდან ნახვა მართლაც შთამბეჭდავი იყო. ასევე შთამბეჭდავი იყო იმის დანახვა, თუ როგორ თანამშრომლობს ASELSAN თურქეთის მრავალ სხვა კომპანიასთან და როგორ ავითარებს თურქული თავდაცვის ინდუსტრია პარტნიორობას მთელ ევროპასა და აშშ-ს კომპანიებთან. თურქეთის ინვესტიციები აშშ-ში და აშშ-სა თუ ევროპის სხვა ქვეყნების კომპანიების ინვესტიციები თურქეთში ძლიერ თანამშრომლობაზე მიუთითებს. ეს ჩვენ გვჭირდება, რადგან სწორედ ეს ქმნის ჩვენი შეკავების ძალის საფუძველს.




















