ჩრდილოეთ მალუკუს პროვინციაში, კუნძულ ჰალმაჰერაზე მდებარე ვულკანი დუკონო გააქტიურდა; დაიღუპა სამი ადამიანი, სულ მცირე 20 მთამსვლელი კი გადარჩენას ელოდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად სამი ადამიანის, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქის, დაღუპვის შემდეგ, ინდონეზიამ პარასკევს მთამსვლელების გადასარჩენად ოპერაცია დაიწყო.
ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნულმა სააგენტომ (BNPB) განაცხადა: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთა დუკონოს რაიონში მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი ტურისტი დაიღუპა“.
პოლიციის წარმომადგენელმა, ერლიხსონ პასარიბუმ აღნიშნა: „სამი ადამიანი დაიღუპა. ამ სამიდან ორი უცხოელია, დაახლოებით 20 მთამსვლელი კი ჩარჩენილია“.
ხელისუფლებამ მთამსვლელების გამოსაყვანად სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.
ვულკანი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 07:41 საათზე ამოიფრქვა და დაახლოებით 10 კილომეტრის სიმაღლის კვამლის ღრუბელი წარმოქმნა.












