ისრაელის სახელმწიფო ტელეარხის, KAN-ის ინფორმაციით, დადასტურდა ფოტოს ავთენტურობა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ დებს ისრაელელი ჯარისკაცი სიგარეტს ღვთისმშობლის ქანდაკების პირში, სამხრეთ ლიბანის ქრისტიანულ სოფელ დებელში.
აღინიშნა, რომ სოფელ დებელში გადაღებულ ფოტოზე ერთი ჯარისკაცი ქანდაკებას პირში სიგარეტს უდებს, სხვები კი ამ მომენტს ფოტოზე აფიქსირებენ, რის შემდეგაც კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა, ჯარისკაცების ქმედება ქრისტიანული რელიგიური სიმბოლოების მიმართ შეაფასა, როგორც „შეუფერებელი საქციელი და გადახვევა არმიის ღირებულებებიდან“.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ „ინციდენტი შესწავლის პროცესშია და მიღებული შედეგების საფუძველზე შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“.
იესო ქრისტეს ქანდაკებაზე თავდასხმამაც დიდი პროტესტი გამოიწვია
19 აპრილს, ისრაელის არმიის ჯარისკაცმა სამხრეთ ლიბანის ოკუპირებულ დასახლება დეირ სერიანში იესო ქრისტეს ქანდაკება უროთი დაამსხვრია.
ისრაელის არმიამ აღიარა ფოტოს ნამდვილობა და განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო.
ჯარისკაცის საქციელმა რელიგიური სიმბოლოს მიმართ ქრისტიანულ სამყაროში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
ამის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა, ხოლო ორი ჯარისკაცი, რომლებმაც ქანდაკება დააზიანეს და გადაიღეს, საბრძოლო მოვალეობის შესრულებას ჩამოაშორეს და 30-დღიანი სამხედრო პატიმრობა მიუსაჯეს.
იესო ქრისტეს ქანდაკებაზე თავდასხმის შემდეგ გამოწვეული რეაქციების ფონზე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გედეონ საარმა დიპლომატი ჯორჯ დიკი ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.











