იორდანიის სასამართლომ სამ პირს, რომლებმაც გასულ თვეში ქვეყნის სამხრეთით მდებარე ეკლესიაზე სასიკვდილო შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს, ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
23 ოქტომბერს შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ იორდანიის კარაკის პროვინციის სოფელ ჰამუდის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე დაკრძალვის ცერემონიაზე, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემდეგ გაქცეული სამი პირი - ორი იორდანელი ძმა და მათი ერთი ნათესავი - სამი დღის შემდეგ დააკავეს.
„ტერორისტული თავდასხმა“
იორდანიის არმიამ კვირას გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლომ ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ჩამდენ სამ დამნაშავეს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა“.
სასამართლომ აღნიშნული პირები დამნაშავედ ცნო სიკვდილის გამომწვევი „ტერორისტული თავდასხმების მოწყობაში“, იარაღთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენაში, „ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით შეთქმულებასა“ და „ტერორისტული ორგანიზაციის იდეების პროპაგანდაში“.
თავდასხმამ შოკი გამოიწვია მუსლიმური უმრავლესობის მქონე იორდანიის სამეფოში, სადაც ქრისტიანები მოსახლეობის დაახლოებით სამ პროცენტს შეადგენენ.






















