გავრცელებული ინფორმაციით, ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა დაჯგუფებებმა ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის სატელეკომუნიკაციო, ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევის მცდელობები განახორციელეს.
ტელეკომპანია NBC News-ის მიერ სამთავრობო და კიბერუსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, ჰაკერულმა ჯგუფებმა მიზანში აშშ-ის სატელეკომუნიკაციო, ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის ინტერნეტთან დაკავშირებული ავტომატური სისტემები ამოიღეს.
წყაროების განცხადებით, ირანთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფებების კიბერშეტევის მცდელობები „ამ დრომდე წარუმატებელი იყო“, თუმცა აღნიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ამ ჯგუფებს როგორც სამიზნეების იდენტიფიცირებაში, ისე სისტემებში შეღწევაში ეხმარება.
ჰაკერულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით „APT IRAN“, რომელიც ამტკიცებს, რომ ირანთან დაკავშირებულ კიბეროპერაციებს ახორციელებს, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მათ აღნიშნეს, რომ მათი წინა გაფრთხილებები არავინ გაითვალისწინა და დასძინეს: „მალე აშშ ენერგეტიკის, წყლისა და სატელეკომუნიკაციო სექტორებში მოულოდნელი და კრიტიკული მოვლენების მომსწრე გახდება“.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გასულ თვეს განაცხადა, რომ სულ მცირე 7 შტატში მუნიციპალური წყალმომარაგების სისტემებზე განხორციელებული კიბერშეტევების ტალღის გამოძიება დაიწყო.
აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ (CISA) ივლისში განაცხადა, რომ 100-ზე მეტი წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების ობიექტის ინტერნეტთან დაკავშირებული სისტემა თავდასხმის სამიზნე გახდა, ხოლო 21 აგვისტოს გამოქვეყნებული გამაფრთხილებელი დოკუმენტით ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორგანიზაციას მოუწოდა, „გააძლიერონ შესაბამისი მექანიზმები სისტემაში უკანონო შეღწევის წინააღმდეგ“.





















