ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივი და ეროვნული რესურსების, პირველ რიგში, გაბარის ნავთობისა და შავი ზღვის ბუნებრივი აირის ეკონომიკაში ჩართვის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება.
ამ ფარგლებში, წლის პირველ ნახევარში ქვეყნის შიგნით ნავთობის მთლიანმა მოპოვებამ 23,1 მილიონი ბარელი შეადგინა. მოპოვებული მოცულობიდან 21,8 მილიონი ბარელი „თურქეთის ნავთობის ანონიმური საზოგადოების“ (TPAO) მეშვეობით განხორციელდა, ხოლო მთლიან მოპოვებაში ლომის წილი — 60% გაბარზე მოდის.
იანვარ-ივნისის პერიოდში კი ბუნებრივი აირის მოპოვებამ 1 მილიარდ 641 მილიონ კუბურ მეტრს გადააჭარბა. მოპოვების 1 მილიარდ 608 მილიონი კუბური მეტრი TPAO-მ უზრუნველყო, ხოლო დარჩენილი 33 მილიონი კუბური მეტრი კერძო სექტორის კომპანიებმა მოიპოვეს. მთლიანი მოპოვების 92% კი საქარიას გაზის საბადოდან იქნა მიღებული.
ადგილობრივი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება მზარდი ტემპით გაგრძელდება
განცხადებაში მოყვანილია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალფარსლან ბაირაქთარის სიტყვები, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვება შეუფერხებლად გრძელდება: „ერთი მხრივ, გაბარში ახალი ჭაბურღილების გახსნით ვზრდით ნავთობის მოპოვებას, მეორე მხრივ კი, შავ ზღვაში წელს ბუნებრივი აირის მოპოვებას გავაორმაგებთ. ჩვენი ადგილობრივი ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება მზარდი ტემპით გაგრძელდება“.
ბაირაქთარმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიმართულებით სამუშაოებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც ახორციელებს და დასძინა:
„ჩვენი ხედვის — „ენერგეტიკაში სრულიად დამოუკიდებელი თურქეთი“ — ერთ-ერთ ნაწილს საზღვარგარეთ გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს. საზღვარგარეთ შექმნილი პარტნიორობებით ჩვენი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება გრძელდება. ამასთან ერთად, ვატარებთ ბურღვით სამუშაოებს სომალიში, ხოლო ლიბიაში 2 ლოკაციაზე ავიღეთ ლიცენზია — ერთზე ზღვაში და მეორეზე ხმელეთზე. დაბოლოს, ერაყთან გაფორმებული შეთანხმებით, ქირქუქში შევუერთდით 5 საბადოს, რომლებიც, შეფასებით, 3 მილიარდ ბარელ ნავთობის მარაგს შეიცავს. ენერგეტიკის სფეროში დღეს უკვე არსებობს გლობალური მასშტაბის თამაშის წესების განმსაზღვრელი თურქეთი; თურქეთი, რომელიც ძიებასა და მოპოვებას ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც აწარმოებს.“



















