პუტინმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, სადაც იგი BRICS-ის ლიდერთა მე-18 სამიტზე დასასწრებად იმყოფება.
გერმანიაში საქსონია-ანჰალტის სამხარეო პარლამენტის არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვების შეფასებისას პუტინმა განაცხადა: „ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც ახლა ევროპაში ხდება, ძირითადად „დასავლეთად“ წოდებული დასავლელი გლობალისტების სისტემური შეცდომების შედეგია პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში.“
პუტინმა აღნიშნა, რომ შეცდომებს ყველა უშვებს, მათ შორის რუსეთიც, თუმცა დასავლელმა გლობალისტებმა ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „თავი მწვერვალზე იგრძნეს, ჩათვალეს, რომ ყველაფერი ნებადართულია და შეცდომას არასდროს უშვებენ“.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი მუდმივად „ცდილობს რუსეთის შევიწროებას“: „თავდაპირველად ისინი ამის გაკეთებას კავკასიაში ტერორისტებისა და სეპარატისტების მეშვეობით ცდილობდნენ. ახლა კი ამის გაკეთებას უკრაინაში ნაცისტური ხელისუფლების მეშვეობით ცდილობენ. მათ რუსეთის დაშლა სურდათ. ეს ფაქტია“.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში კრიზისი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული, რადგან მათი მიზანი უკრაინის ნატოში გაწევრიანება იყო: „ეს გახდა უკრაინაში დღეს მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების მთავარი მიზეზი. ამაში დამნაშავენი დასავლელი გლობალისტები არიან, თუმცა ისინი მუდმივად ჩვენკენ იშვერენ ხელს“.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ უარი თქვა რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე და ახლა მას სხვადასხვა წყაროებიდან გაცილებით ძვირად იძენს.
უკრაინაში ევროპული სამხედრო შენაერთების შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებით კი პუტინმა განაცხადა: „ახლა ისინი (დასავლური ელიტები) უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნას განიხილავენ. ეს რუსეთთან ომს ნიშნავს. როგორც ვხვდები, ევროპული ქვეყნების მოქალაქეები აცნობიერებენ რა ხდება. ჩემი აზრით, გერმანიაში არჩევნების შედეგებისა და ზოგადად ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საფუძველი სწორედ ეს არის“.


















