Trendyol 2026 წლის CEV ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის 3-2 დამარცხების შემდეგ, თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელე სანტარელიმ და გუნდის კაპიტანმა ედა ერდემ დუნდარმა განაცხადეს, რომ ამ ზაფხულს დასახულ ყველა მიზანს მიაღწიეს.
დანიელე სანტარელიმ და ედა ერდემ დუნდარმა სინან ერდემის სახელობის სპორტულ დარბაზში გამართული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განცხადებები გააკეთეს.
იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ბევრი რამ აქვს სათქმელი: „ზაფხული ისე დავასრულეთ, როგორც გვსურდა. დაუჯერებელი საქმეები გავაკეთეთ. ჩვენმა ფედერაციამ და გუნდმა მართლაც სასწაულები მოახდინეს. დღეს მოედანზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ბრწყინვალე ბრძოლაში დავუპირისპირდით. მართლაც წარმოუდგენელი სამუშაო შევასრულეთ. ამიტომ, უნდა ვიამაყოთ საკუთარი თავით, ჩვენი გუნდით და იმ საქმით, რაც გავაკეთეთ“.
საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თამაშთან დაკავშირებით სანტარელიმ თქვა: „მე იტალიელი ვარ. ეს ყველამ იცით, მაგრამ თურქეთისთვის ვმუშაობ. მთელ ჩემს ენერგიას თურქეთს ვუთმობ. ყველაფერს, რაც გამაჩნია, ვიყენებ იმისთვის, რომ ამ გუნდმა უკეთესი შედეგები აჩვენოს. რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივია იმის თქმა, რომ იტალიის მოქალაქე ვარ, მაგრამ მე ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს ამ ქვეყნის ხალხი. ძალიან მინდა ამ ქვეყანასთან ერთად წარმატების მიღწევა და ასეთი გამარჯვებები“.
ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ედა ერდემ დუნდარმა აღნიშნა, რომ მაყურებლისთვის სანახაობრივად ძალიან საინტერესო მატჩი ჩაატარეს.
ედა ერდემ დუნდარმა დასძინა, რომ ჩემპიონობით ძალიან ამაყობენ: „ძალიან ბედნიერები ვართ. როგორც გუნდმა, ზაფხულის დასაწყისში დასახულ ყველა მიზანს მივაღწიეთ. დღეს დარბაზში დაუჯერებელი გულშემატკივრობა იყო. მატჩი ძალიან კარგ ატმოსფეროში ჩატარდა. სანახაობრივი თამაში გამოვიდა. დროდადრო თამაშს თუ მოვწყდებოდით, მაყურებლის მხარდაჭერა და რწმენა ისევ თამაშში გვაბრუნებდა. იტალიასთან 2-1 ჩამორჩენის შემდეგ ანგარიში შემოვატრიალეთ და 3-2 გავიმარჯვეთ. ძალიან გვიხარია, რომ ევროპის ჩემპიონები მეორედ გავხდით“.
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა ევროპის ჩემპიონ ქალთა ეროვნულ ნაკრებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა: „მთელი გულით ვულოცავ ქალთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც Trendyol 2026 წლის CEV ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით ჩვენს ერს დიდი სიამაყე და მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა“.



























