ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებისა და თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წყალობით, რეგიონი ტრანსფორმაციულ გზაზე დადგა.
კოშტამ, სომხეთში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის გახსნის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ სამიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი ჩატარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების წყალობით გახდა შესაძლებელი. კოშტამ დასძინა, რომ დაძაბულობის ესკალაციისა და ომებით მოცულ მსოფლიოში ეს შეთანხმება სასიხარულო მოვლენაა.
„ამ შეთანხმებისა და თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წყალობით, რეგიონი ტრანსფორმაციულ გზაზე დადგა ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიის, სტრატეგიული სექტორების, ბაზრების, სატრანსპორტო დერეფნების, ციფრული ქსელებისა და ენერგეტიკული კავშირების თვალსაზრისით“, - განაცხადა კოშტამ.
მისივე თქმით, ეს ვითარება ხელს უწყობს არა მხოლოდ საქონლის, მონაცემებისა და ადამიანების მობილობას, არამედ აშენებს ნდობას, ქმნის სამუშაო ადგილებს და მეზობლებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივ ზრდას უწყობს ხელს.
კოშტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის იყოს საიმედო პარტნიორი ამ ხედვის რეალობად ქცევაში: „იმისათვის, რომ მშვიდობის იმპულსი შეუქცევადი გახდეს და კეთილდღეობის შესაძლებლობები განმტკიცდეს, სომხეთის დემოკრატიის გაძლიერებასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საგარეო ჩარევასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა“.











