ნადელამ აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები კიბერუსაფრთხოების ხარვეზებს „თავბრუდამხვევი სისწრაფით“ ავლენენ და კომპანიებმაც ამ ხარვეზების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად „უსაფრთხოების პატჩები“ უნდა მოამზადონ და მყისიერად აამოქმედონ.
ნადელამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს სისწრაფე კომპანიებს უსაფრთხოების პატჩების შესამოწმებლად წარსულთან შედარებით ნაკლებ დროს უტოვებს და აღნიშნა, რომ ამ ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისად შემოწმებული, ხარვეზიანი განახლებების გამოყენებაში გაშვება.
სატია ნადელამ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ უსაფრთხოების სისუსტეების ეფექტურად აღმოჩენით ონლაინ სისტემები შესაძლოა „მათი მუდმივად მიზანში ამომღები, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი თავდამსხმელების ტოლფასი ძლიერი საფრთხის“ წინაშე აღმოჩნდნენ.
ნადელამ მიუთითა, რომ ამ ვითარებამაც შეიძლება სისტემები უფრო მოწყვლადი გახადოს და განაცხადა, რომ განსაკუთრებით ისეთ ფიზიკურ ინფრასტრუქტურებში, რომელთა განახლება უფრო რთულია, მაგრამ ინტერნეტზე მიერთებით მუშაობენ, როგორიცაა ტრანსპორტი, გათბობა და გაგრილება, პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს.
მან გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, თუ როგორ „დაბალანსდება“ რბოლა კიბერთავდამსხმელებსა და ამ თავდასხმების წინააღმდეგ მებრძოლებს შორის და გააფრთხილა, რომ გლობალურ ინფრასტრუქტურებში შესაძლოა ხანგრძლივი „არასტაბილურობის“ პერიოდი კარს იყოს მომდგარი.
რა მოხდა?
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდში ისეთი კომპანიების, როგორებიცაა Microsoft, Apple და United Airlines, ასევე ფედერალური უწყებების ციფრულ სისტემებში სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.
მაშინ როცა Microsoft-ის ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა Outlook, Teams და Copilot, გავლენის მქონე გლობალური შეფერხების გამო მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო ინსტრუმენტებზე წვდომაში პრობლემები შეექმნათ, აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემაში არსებულმა კომუნიკაციის პრობლემებმა ქვეყნის მასშტაბით ფრენების რამდენიმე საათით შეჩერება და მრავალი რეისის შეფერხება გამოიწვია.
United Airlines-ის აფრენის მართვის სისტემაში მომხდარმა ხანგრძლივმა გაუმართაობამ დაახლოებით 150 რეისის დაგვიანება გამოიწვია, ხოლო აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის პროგრამულმა შეცდომამ ზოგიერთი მომხმარებლისთვის ონლაინ ბანკის სერვისებსა და ფულადი გადარიცხვების სისტემაზე წვდომა შეაფერხა.
Apple-ში კი კომპანიის შიდა განახლებით გამოწვეულმა პრობლემებმა გავლენა მოახდინა App Store-ის, Apple Music-ის, AppleCare-ის, iCloud-ისა და Apple Pay-ის სერვისებზე, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) უწყების შიდა საიდუმლო საკომუნიკაციო ქსელიც გეგმური ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დროს დროებით შეფერხდა.























