აშშ-ის არმიამ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ჩაძირა ნავი, რომელიც, მათი მტკიცებით, „ნარკოტრაფიკის ხელშესაწყობად მცურავ საწვავგასამართ სადგურად გამოიყენებოდა“.
აშშ-ის სამხრეთის სარდლობამ (SOUTHCOM) აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნავის დაკავება იმ მიზეზით განხორციელდა, რომ ის „ნარკოტრაფიკის ხელშესაწყობად მცურავ საწვავგასამართ სადგურად მოქმედებდა“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი სამხედროები ნავზე ავიდნენ, ჩხრეკა ჩაატარეს და იქ მყოფი პირების ევაკუაცია ეკვადორში მოახდინეს, რის შემდეგაც ნავი ჩაძირეს.
განცხადების თანახმად, დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ ეს ნავი ეკვადორის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კრიმინალურ დაჯგუფებას — Los Choneros-ის ბანდას „უჭერდა მხარს“.
აშშ-ის სამხედროების მიერ ბოლო პერიოდში კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში ნარკოტრაფიკში ეჭვმიტანილი ზოგიერთი ნავისა და მათზე მყოფი პირების პირდაპირ მიზანში ამოღება საერთაშორისო საზოგადოებაში „უსამართლო გასამართლებისა და უკანონო დასჯის“ (გასამართლების გარეშე განხორციელებული ქმედებების) შესახებ დისკუსიებს იწვევს.
























