გამოცემა Kathmandu Post-ის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებით, ნეპალში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 469-მდე გაიზარდა.
ჩინეთმა განაცხადა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე (ასევე ტიბეტის სახელით ცნობილ) ავტონომიურ რეგიონში კიდევ სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ; ამგვარად, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 472-მდე გაიზარდა.
ნეპალის ტურიზმის საბჭოს ცნობით, ხუთშაბათს გვიან საღამოს ნეპალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩათვლით სულ 667 ადამიანი ითვლებოდა დაკარგულად. პეკინის განცხადებით, ტიბეტში დაკარგულია 550-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 260 უცხოელია.
ოთხშაბათს დილით ნეპალის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში თავს დამტყდარმა წყალდიდობებმა და მეწყერებმა მდინარეების — ბჰოტეკოშისა და ტრიშულის გასწვრივ მდებარე დასახლებები მოიცვა, რა დროსაც წყალმა ადამიანები და სახლები თან წაიღო.
წყალდიდობამ სახლები, ხიდები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა გაანადგურა, რის გამოც დასახლებები და მგზავრები გარესამყაროს მოსწყდნენ.
სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ოპერაციებს აგრძელებენ; სამძებრო, სამაშველო და ევაკუაციის სამუშაოებში ნეპალის არმია, პოლიცია და შეიარაღებული პოლიციის ძალები არიან ჩართულნი.
იზოლირებულ ადგილებამდე მისაღწევად და გადარჩენილთა ევაკუაციისთვის ვერტმფრენები გამოიყენება, ხოლო სახმელეთო ჯგუფები მდინარის ნაპირებსა და მდინარის ქვემო დინებაში მდებარე დასახლებებში სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.
ტურიზმის საბჭომ განაცხადა, რომ აგრძელებს იმ ტურისტებისა და მოგზაურების ადგილსამყოფელის დადგენას, რომლებიც სტიქიის დროს რასუვას, ნუვაკოტისა და დჰადინგის რეგიონებში იმყოფებოდნენ ან ამ ტერიტორიებს გადიოდნენ.
წყალდიდობამ ასევე სერიოზული ზიანი მიაყენა სატრანსპორტო კავშირებსა და სხვა ინფრასტრუქტურას, რამაც დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები გაართულა.
იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური პირები სხვადასხვა რეგიონიდან დაკარგულებისა და მსხვერპლის შესახებ მონაცემების შეჯერებას განაგრძობენ, კატასტროფის სრული მასშტაბი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.
ჩინეთმა ნეპალის საზღვართან ახლოს, მყინვარული ნარჩენებით წარმოქმნილი ტბებიდან მომდინარე რისკების მინიმიზაციისთვის ზომები მიიღო
ამასთან, ჩინეთმა სასწრაფო ზომები მიიღო, რათა შეემცირებინა შემდგომი დატბორვის რისკი სტიქიით დაზარალებულ სასაზღვრო გადასასვლელზე, რომელიც ტიბეტის რეგიონს ნეპალთან აკავშირებს.
ნეპალმა და ჩინეთმა ხუთშაბათს გაავრცელეს გაფრთხილება ჰიმალაიში ახალი წყალდიდობის შესაძლო რისკების შესახებ; საზღვრის ორივე მხარეს არსებობს მყინვარული ნარჩენების ჩამოშლის საფრთხე, რომლებმაც ორი ბუნებრივი დამბისებრი ტბა წარმოქმნა.
როგორც სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV პარასკევს იტყობინებოდა, ჩინეთის ხელისუფლებამ რვაკაციანი საინჟინრო ჯგუფი გაგზავნა ტბის საჰაერო დათვალიერებისა და 3D მოდელირების განსახორციელებლად.
დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს ტალახი, რომელმაც დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ ნეპალის ნუვაკოტის რეგიონში, ტრიშულიში შენობები დაფარა.
ერთ-ერთმა ინჟინერმა, ჩენ ჰანსიაომ აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია.
ჩენმა ხუთშაბათს საღამოს CCTV-სთან საუბარში განაცხადა: „მყინვარების ჩამოშლით წარმოქმნილი ტბის შემდგომ, მის გასწვრივ მრავალი იზოლირებული და ციცაბო კლდე გაჩნდა“.
ჩენის განცხადებით, ტბისგან მომდინარე საფრთხის შესამცირებლად ძირითადი მიდგომა ჯებირის უფრო დაბალ წერტილში სადრენაჟო არხის გათხრაა, თუმცა ამ არხის სიგანე და სიღრმე იმის გათვალისწინებით უნდა გამოითვალოს, თუ რამდენად სწრაფად იდინებს წყალი და რამდენად სწრაფად შეივსება ტბა.
მათი კვლევის მონაცემებით, ტბა დაახლოებით 150 მეტრის სიგრძისა და 40-50 მეტრის სიღრმისაა და 1,5-დან 2 მილიონ კუბურ მეტრამდე წყალს იტევს.
ჯგუფის შემდგომი ამოცანა იქნება ტბაზე დაკვირვება, ტბის ფსკერიდან მონაცემების შეგროვება და უახლოეს დღეებში ამინდის პროგნოზის მონიტორინგი.
გირონგის სასაზღვრო პორტის ზონაში მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ნალექი დაფიქსირდა, რამაც ზემო აუზში მდებარე სახიფათო ზონის გარშემო არსებული ნიადაგი და ქანები შეარყია და არამდგრადი გახადა. მოსალოდნელია, რომ წვიმები მომავალი კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.
ჩინეთმა ხუთშაბათს გაავრცელა გაფრთხილება, რომ უახლოესი სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 1200 ოლიმპიური საცურაო აუზის ეკვივალენტური 3 მილიონი კუბური მეტრი წყლის ჩადინებაა მოსალოდნელი ბუნებრივად შეგუბებულ ტბაში, რაც დამბის გარღვევის რისკს ზრდის, ხოლო წყლის მაქსიმალური ნაკადი დაახლოებით 1 სექტემბერს არის მოსალოდნელი.
ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CGTN-ის მიერ გავრცელებულ საჰაერო კადრებში ჩანს სამაშველო ჯგუფის მიერ დაფიქსირებული ბუნებრივი დამბისებრი ტბის ფორმირება. კადრებში ასევე ჩანს, რომ აუზში, რომელსაც ხილული გასასვლელი არ გააჩნია, დაგროვილმა ყავისფერმა წყლის მასამ უკვე დატბორა ბუჩქნარი და ხეები, თავად ტბას კი გარღვევის საფრთხე ემუქრება


















