აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის მხარდასაჭერი აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა 108,1 მილიონი დოლარის ოდენობით.
კონგრესისთვის გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, უკრაინამ მოითხოვა მისაბმელიანი პლატფორმები, ძირითადი მოდიფიკაციები და ტექნიკური მხარდაჭერა FrankenSAM HAWK-ის სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, აქსესუარები, შეკეთებისა და დაბრუნების მხარდაჭერა, აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორი კომპანიების საინჟინრო, ტექნიკური და ლოჯისტიკური მომსახურება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული გაყიდვა აძლიერებს უკრაინის უსაფრთხოებას, რითაც ხელს უწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს, და უკრაინას ახასიათებს, როგორც პარტნიორს, რომელსაც წვლილი შეაქვს ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაში.
უწყებამ განაცხადა, რომ ეს პაკეტი გააძლიერებს უკრაინის ინტეგრირებულ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების ამოცანებისთვის, რაც გაზრდის მის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს.
დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არ შეექმნება სირთულეები ამ აღჭურვილობისა და მომსახურების თავის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირებისას და რომ ეს გაყიდვა არ შეცვლის რეგიონში არსებულ ძირითად სამხედრო ბალანსს. სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებით განმარტა, რომ შემოთავაზებულ გაყიდვას არ ექნება უარყოფითი გავლენა აშშ-ის თავდაცვის მზადყოფნაზე.
ამ პროგრამის მთავარი კონტრაქტორია კოლორადოს შტატის ქალაქ ენგლვუდში ბაზირებული Sierra Nevada Corporation.



















