ევროკავშირმა დაამტკიცა 6,1 მილიარდი ევროს დაფინანსება უკრაინის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარების შესაძენად.
ევროკომისიამ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დამტკიცებული თავდაცვითი შესყიდვების შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დამტკიცდა უკრაინის თავდაცვითი შესყიდვების ახალი, 6,1 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმა და ეს თანხა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარების შესყიდვას მოხმარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება 90 მილიარდი ევროს ოდენობის „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ ფარგლებში, რომლის გადაცემაც უკრაინისთვის 2026-2027 წლების პერიოდშია გათვალისწინებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი გეგმა ემატება მანამდე დამტკიცებულ 16 მილიარდი ევროს თავდაცვით შესყიდვებს, და ხაზგასმულია, რომ წინა თანხიდან 8,35 მილიარდი ევრო უკრაინას უკვე მიეწოდა.
საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა მტკიცე და ხელშესახებია.
რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერებაზე მითითებით, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „დღეს დავამტკიცეთ 6,1 მილიარდი ევროს დაფინანსება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალისა და რადარებისთვის, რომლებიც უკრაინას გადაუდებლად ესაჭიროება“.
„უკრაინის მხარდაჭერის სესხი“ 2026-2027 წლების პერიოდში უკრაინისთვის 30 მილიარდი ევროს საბიუჯეტო დახმარებისა და 60 მილიარდი ევროს თავდაცვითი მხარდაჭერის გამოყოფას ითვალისწინებს.



















