ფილიპინების სამხრეთში კვირის დასაწყისში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა, სამძებრო-სამაშველო ჯგუფები კი მინდანაოს ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში მუშაობას აგრძელებენ.
ფილიპინების სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა შაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში ახალი ცხედრების პოვნის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
ტელეკომპანია GMA News-ის ინფორმაციით, 33 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, ხოლო 1 221 პირი დაშავდა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფები მეწყერისა და ჩამონგრეული ნაგებობების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენასა და დაღუპულთა ცხედრების გამოსვენებას ცდილობენ; სამძებრო-სამაშველო და ევაკუაციის სამუშაოები გრძელდება.
სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების ოპერაციების მონიტორინგისა და ინფორმაციის ცენტრმა განაცხადა, რომ მინდანაოს რეგიონში მიწისძვრის შედეგად 553 068 ადამიანი დაზარალდა.
გაზეთ Philippine Daily Inquirer-ის ცნობით, დაახლოებით 9 393 ადამიანი საევაკუაციო ცენტრებში იმყოფება, ხოლო 54 274-მა ადამიანმა დროებითი თავშესაფარი ოფიციალური საევაკუაციო ცენტრების გარეთ, ნათესავებთან და მეგობრებთან იპოვა.
მასშტაბური ზარალი
პირველადი შეფასებით, 8 865 სახლი სრულად დაინგრა, ხოლო 36 691 სახლი ნაწილობრივ დაზიანდა.
განმეორებითმა ბიძგებმა, დაზიანებული შენობებისგან მომავალმა საფრთხემ და დაზიანებულმა გზებმა სამაშველო სამუშაოები შეაფერხა და დახმარების ჯგუფებს ზოგიერთ რაიონამდე მიღწევა გაურთულა.
კვირის დასაწყისში მინდანაოს სანაპიროსთან მომხდარმა 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ მასშტაბური პანიკა გამოიწვია; სერიოზულად დაზიანდა სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა.
ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებს შორისაა ქალაქი გენერალ-სანტოსი და სარანგანის პროვინციის ზოგიერთი ნაწილი. ხელისუფლებამ ამ რეგიონებში სტიქიური უბედურების მდგომარეობა გამოაცხადა, რათა დახმარებისა და აღდგენითი სამუშაოები დააჩქაროს.



















