ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კანონმდებელმა, 7-8 ივლისს ანკარაში გამართული ნატოს სამიტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, თურქეთის F-35 ტიპის გამანადგურებლების პროგრამაში შესაძლო დაბრუნების შესახებ დისკუსიებს „ძალიან იმედისმომცემი“ უწოდა.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, მაიკ ტერნერმა კვირას განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე კანონმდებლები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათ მიერ მოსმენილი ინფორმაცია საზოგადოებისთვის „დამაიმედებლად“ შეეფასებინათ.
ტერნერმა, რომელმაც უარი თქვა იმ დეტალების გამჟღავნებაზე, თუ რა უთხრეს თურქმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის კონგრესის წევრებს, აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონპროექტის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც მსგავსი მოსაზრება გამოთქვა. მისი თქმით, ისინი შეთანხმდნენ საჯაროდ განეცხადებინათ, რომ მოსმენილი უაღრესად იმედისმომცემია.
ტერნერმა თურქეთის F-35-ის პროგრამაში შესაძლო ხელახალი ჩართვა „უკიდურესად მნიშვნელოვნად“ შეაფასა: „თურქეთი ნატოს წევრია, ნატოს ძალიან ძლიერი წევრი; მათ ცოტა ხნის წინ, რა თქმა უნდა, საკმაოდ წარმატებულად უმასპინძლეს სამიტს. იმედი მაქვს, ისინი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ამას ისე გააკეთებენ, რომ პროგრამას დაუბრუნდნენ“.
ტერნერმა ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის ადრინდელ როლს მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის ნაწილების წარმოებაში: „თურქები ასევე იყვნენ F-35-ის ნაწილების მწარმოებლები. ამიტომ, მათი ხელახალი ჩართვა წარმოებაში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“.
















