თუნდაც სტამბოლის ხალხმრავალ ქუჩებში იყოთ ან ანტალიის სანაპირო კურორტთან ახლოს, აუცილებლად შეგხვდებათ „თექელის“ (Tekel) ჯიხური.
გზის პირას ჩამწკრივებული, უმეტესად ლურჯად შეღებილი ეს პატარა მაღაზიები, სახელმწიფო თამბაქოს მონოპოლიიდან („თექელიდან“) დღემდე შემორჩენილი მემკვიდრეობის ნაწილია. თურქეთში, როცა საქმე სიგარეტს ეხება, ერთ-ერთი პირველი ადგილი, რაც თავში მოგდით, სწორედ ეს მაღაზიებია.
„თექელი“ 1920-იანი წლების შუა პერიოდში შეიქმნა, როდესაც ახალგაზრდა თურქულმა სახელმწიფომ მომგებიანი თამბაქოს ბიზნესის კონტროლი იმ უცხოური კომპანიებისგან გადაიბარა, რომლებმაც ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლებში ბაზარი დაიპყრეს.
თურქეთი ისედაც თამბაქოს მწარმოებელი ქვეყანა იყო. ამერიკული გიგანტი RJR, რომელიც Camel-ს აწარმოებდა, თავის სიგარეტებში თურქული თამბაქოს ნაზავს იყენებდა. ეს თურქული სიგარეტის ინდუსტრიისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.
თუმცა, სწორედ იმ პერიოდში, დასავლეთ თურქეთში, აფიონქარაჰისარის პროვინციის სინანფაშას რაიონის პატარა სოფელ თაზლარში სრულიად განსხვავებული რევოლუცია ხდებოდა.
სოფლის ერთ-ერთი გამორჩეული პირის, აჰმეთ აღას მეთაურობით, სოფლის მცხოვრებლებმა სიგარეტის არმოწევის ფიცი დადეს და მომავალ თაობებს მაგალითი მისცეს.
ამ გადაწყვეტილებამ, თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონების გაჩენამდე თითქმის ერთი საუკუნით ადრე, სოფელი თაზლარი მუდმივად უსიგარეტო ადგილად აქცია.
მას შემდეგ თითქმის 100 წელი გავიდა და ეს დაახლოებით 2 000-კაციანი სოფელი დღემდე ცნობილია როგორც ადგილი, სადაც მწეველთან შეხვედრა თითქმის შეუძლებელია.
იმ ფონზე, როდესაც თურქეთის მთავრობა სიგარეტის მოხმარების შეზღუდვისთვის დიდ ძალისხმევას იჩენს, თაზლარის ამბავი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ანკარა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც 2015 წლის იანვრის შემდეგ დაბადებულთათვის სიგარეტის მოწევის უვადო აკრძალვას ითვალისწინებს.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცნობილია სიგარეტისადმი მკაცრი დამოკიდებულებით. გავრცელებული ცნობით, მან იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მოწევისთვის თავის დანებება ურჩია, რის შემდეგაც მელონიმ ამ წლის დასაწყისში მოწევას თავი დაანება.
სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ თურქეთი სიგარეტის მოხმარებით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. თუმცა თაზლარში სიგარეტის მოხმარება პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ისტორიამ აჰმეთ აღა დიდწილად დაივიწყა; თაზლარის მცხოვრებლებს მხოლოდ ის ახსოვთ, რაც მშობლებისგან აქვთ მოსმენილი.
თუმცა, გადმოცემის თანახმად, აღა ხალხის როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის, ისე მათი შეზღუდული ფინანსური რესურსების დაცვის სურვილით მოქმედებდა. 1928 წელს, როდესაც სოფლის მოსახლეობამ თამბაქოს წინააღმდეგ ერთობლივი ფიცი დადო, აღამ გამოიყენა მომენტი, როცა მწეველთა რიცხვი ძალიან მცირე იყო, და ისინი სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაარწმუნა.
„ჩვენ გავიზარდეთ ისე, რომ ჩვენს ირგვლივ არავინ ეწეოდა. გარკვეულწილად, სიგარეტის არმოწევა არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრების მოგვიანებით ეტაპზე მივიღეთ. ეს პირდაპირ ჩვენი ცხოვრებისა და კულტურის ნაწილი გახდა,“ — ამბობს 66 წლის მეჰმეთ აიდოღმუში, რომელიც სოფლის მქადაგებელიც არის და ბუღალტერიც.
ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია თაზლარის გამოცდილების გასაგებად.
მხოლოდ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობის ნაცვლად, სოფელმა განავითარა კოლექტიური კულტურა, სადაც სიგარეტის მოწევა არასდროს ყოფილა ნორმალიზებული.
აიდოღმუში აღნიშნავს, რომ ეს პრინციპი ბავშვებისთვის ზემოდან თავსმოხვეული წესი არ ყოფილა. ამის ნაცვლად, ბავშვებმა ეს ჩვევა მშობლებზე, ბებია-ბაბუებსა და მეზობლებზე დაკვირვებით შეითვისეს.
„ბავშვობაში სოფელში მწეველი ადამიანის დანახვა უჩვეულო მოვლენა იყო,“ — იხსენებს მეჰმეთ აიდოღმუში.
თაზლარი ყვითელი პომიდვრისა და შაქრის ჭარხლის მინდვრებით გარშემორტყმული, წითელი აგურის სახლებისგან შემდგარი სოფელია. აქაურ მცხოვრებლებს განსაზღვრული რუტინა აქვთ: დილით ადრე დგებიან და მზის ჩასვლის შემდეგ იძინებენ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს.
მართალია, სოფლის მცხოვრებთა პოზიცია სიგარეტის მიმართ ნაწილობრივ ჯანმრთელობის საკითხებს უკავშირდება, მაგრამ აიდოღმუში ამბობს, რომ ეს ტრადიცია მხოლოდ ჯანმრთელობით ვერ აიხსნება.
„ჩვენი უფროსები მუდმივად გვიყვებოდნენ იმ ზიანის შესახებ, რასაც სიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს. თუმცა ისინი მხოლოდ ჯანმრთელობისთვის მავნებლობის ხაზგასმით არ შემოიფარგლებოდნენ,“ — ამბობს ის.
ადგილობრივები ასევე საუბრობენ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს მავნე ჩვევებს ოჯახებზე, საზოგადოებასა და ინდივიდუალურ ნებისყოფაზე.
„ეს დროთა განმავლობაში ვისწავლეთ,“ — ამბობს აიდოღმუში. — „ბავშვობაში ზუსტად ვერც კი ვხვდებოდით, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ უფროსების დამოკიდებულებიდან გვესმოდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო.“
მეჰმეთ აიდოღმუში აღნიშნავს, რომ სოფლის მიდგომა აერთიანებდა ოჯახურ პასუხისმგებლობას, რელიგიურ ღირებულებებსა და საზოგადოებრივ სოლიდარობას.
ოჯახები ზრუნავდნენ თავიანთ შვილებზე. უფროსები აფრთხილებდნენ ახალგაზრდა თაობას. მეზობლები ერთმანეთს იცნობდნენ. ქცევა განიხილებოდა არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური საქმე, არამედ როგორც ფაქტორი, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა დიდ ოჯახსა და მთელ საზოგადოებაზე.
თუ ბავშვი რაიმე ისეთ ჩვევას შეიძენდა, რასაც ოჯახი მავნედ მიიჩნევდა, ნათესავები და მეზობლები გულგრილნი არ რჩებოდნენ.
„თუ ახალგაზრდა სადმე შეცდომას დაუშვებს, ხალხი არ ამბობს: 'ჩემი საქმე არ არისო'. სოფელში ყველა იცნობს ერთმანეთს. ყველამ იცის, ვინ ვისი შვილი ან ვისი შვილიშვილია,“ — ამბობს აიდოღმუში.
მაგრამ როგორ უნდა შეინარჩუნო კულტურა, თუ არ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამ მემკვიდრეობას გადაიბარებენ?
კვამლივით გაფანტვა
თაზლარში გაზრდილი 29 წლის მურატ კარასოღუთი ქვეყნის სხვა რეგიონებში ჩასვლისას ყოველთვის კულტურულ შოკს განიცდის.
„გარეთ მწეველ ადამიანს რომ ვხედავთ, ხანდახან ვფიქრობთ: 'ჩვენს სოფელში ასეთი რამ არ ხდება',“ — ამბობს კარასოღუთი და აღნიშნავს, რომ სოფელში სიგარეტის არმოწევა საყოველთაოდ მოსალოდნელ ქცევად იქცა.
ახალგაზრდებისთვის მუდმივი ჩაგონება იმის შესახებ, რომ სიგარეტზე უარი თქვან, საჭირო აღარ არის, რადგან სიგარეტი ისედაც არ წარმოადგენს სოფლის ყოველდღიური კულტურის ნაწილს.
„ჩვენს სოფელში სიგარეტის არმოწევა დამკვიდრებული ჩვევაა, ამიტომ ახალგაზრდები ამას უფრო ადვილად ითავისებენ,“ — ამბობს კარასოღუთი.
მას სჯერა, რომ მაშინაც კი, როდესაც ახალგაზრდებს სხვა ადგილებში სიგარეტთან უფრო ხშირი შეხება აქვთ, ეს განსხვავება თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს.
თუმცა სოფლიდან ქალაქებში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გადადის. ეს ვითარება კი აჩენს შიშს, რომ სიგარეტის მიმართ არსებული მტკიცე პოზიცია დროთა განმავლობაში შესაძლოა შესუსტდეს.
უკეთესი განათლებისა და სამუშაო შესაძლებლობების ძიებაში, სოფლის ახალგაზრდების ორ მესამედზე მეტი უკვე ისეთ ქალაქებში ცხოვრობს, როგორიცაა სტამბოლი და ბურსა.
აიდოღმუშისა და კარასოღუთისთვის თაზლარის ტრადიციის მომავალი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, აირჩევენ თუ არა ახალგაზრდა თაობები ამ ტრადიციის გაგრძელებას.
კარასოღუთს მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს ამ საკითხში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
„ჩვენ არ გვინდა წარსულში ჩარჩენა, მაგრამ არც ჩვენი წარსულის დაკარგვა გვსურს,“ — ამბობს აიდოღმუში.


























