COP31-ის პრეზიდენტმა და გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა მურათ ქურუმმა „გაეროს კლიმატის ცვლილების ფარგლებში გამართულ საპარლამენტო შეხვედრაზე“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ COP31-ის პირველი კვირა უკვე უკან მოიტოვეს, ანტალიაში ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა აწარმოეს და გააერთიანეს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესწრეები, მეცნიერები, ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოება.
ქურუმმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შესაძლებლობები თანაბარი არ არის და განაცხადა, რომ ქვეყნების განვითარების გზები, ენერგეტიკული სისტემები, დაფინანსებაზე წვდომა და ის კლიმატური რისკები, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, ერთმანეთისგან განსხვავებულია.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ განსხვავების უგულებელყოფით საერთო მომავლის აშენება შეუძლებელია და დასძინა:
„ჯერ ერთმანეთს უნდა გავუგოთ, შემდეგ კი საერთო მიმართულება ვიპოვოთ. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი პირობები, საკუთარი შესაძლებლობები და განვითარების საკუთარი გზა. თუმცა სამყარო, რომელშიც ჩვენი შვილები იცხოვრებენ, საერთოა. წყლის უსაფრთხოება საერთოა. საერთოა ჩვენი ქალაქების მედეგობა, სურსათის მომავალი და კატასტროფების წინაშე ადამიანის სიცოცხლის დაცვის პასუხისმგებლობა. განსხვავებული გზებით სვლით შეგვიძლია საერთო კურსი ჩამოვაყალიბოთ. ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ლიდერთა სამიტზე გაკეთებული სამართლიანი გადასვლის მოწოდების საფუძველშიც სწორედ ეს მიდგომა დევს. უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც დაიცავს ქვეყნების განვითარების უფლებას, დაფინანსებას საჭიროების ადგილამდე მიიტანს და ტრანსფორმაციის ტვირთს სამართლიანად გაანაწილებს. როდესაც ვამბობთ „განხორციელების COP“-ს, სწორედ ამას ვგულისხმობთ. არ გვსურს, ანტალიაში განხილული საკითხები საკონფერენციო დარბაზებში დარჩეს. გვსურს, მიზნები იქცეს პროექტებად, დაფინანსებად, კანონმდებლობად და ადამიანების ცხოვრებაში თვალსაჩინო შედეგებად“.






















