ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ თურქეთი ნატოსთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ევროპამ თავდაცვით წარმოებაში თურქული ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოს.
თეო ფრანკენმა 7-8 ივლისს დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ სააგენტო „ანადოლუსთან“ (AA) საუბრისას აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა უდიდესი მნიშვნელობისაა.
მისი თქმით, ნატო ბოლო პერიოდში რთულ პროცესებს გადის, რის გამოც ალიანსის შიგნით ერთიანობა ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
ფრანკენმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, ამერიკული თვითმფრინავებისთვის სამხედრო ბაზების გახსნასთან დაკავშირებულ დაძაბულობასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის თაობაზე დებატებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნატოსთვის წელი მარტივი არ ყოფილა.
ფრანკენმა ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში ინვესტიციების, ნატოს ძალების მოდელის, წარმოების შესაძლებლობების გაზრდის, საჰაერო თავდაცვისა და ახალი ტექნოლოგიების საკითხებში ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას.
„ერთად ვიდგებით - გადავრჩებით, დავიყოფით - დავიღუპებით“, - განაცხადა თეო ფრანკენმა და დასძინა, რომ სამიტის უმთავრესი გზავნილი ერთიანობა უნდა იყოს.
სამიტიდან მოლოდინებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას ფრანკენმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ანკარაში გამგზავრებას თურქი ხალხის გულთბილი მასპინძლობის გამო. მან ასევე განაცხადა, რომ დაესწრება ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმს.
ბელგიელი მინისტრის თქმით, სამიტის მეორე პრიორიტეტი ტექნოლოგიები, საჰაერო თავდაცვა და სამრეწველო წარმოების გაზრდა, ხოლო მესამე - უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელება უნდა იყოს.
„ნატო 3.0“-ის ხედვა
ანკარის სამიტზე დაგეგმილ „ნატო 3.0“-ის ხედვასთან დაკავშირებით ფრანკენმა აღნიშნა, რომ ეს ბელგიისა და სხვა ევროპელი მოკავშირეების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.
თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვის ინვესტიციები სერიოზულად უნდა გაზარდონ და კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურაში მეტი პასუხისმგებლობა იტვირთონ.
აშშ-ის მიერ ევროპაში სამხედრო წვლილის შემცირებისა და წარმოქმნილი ვაკუუმის ევროპის მიერ შევსების შესაძლებლობაზე საუბრისას, ფრანკენმა განაცხადა, რომ ნატოს ძლიერი დაგეგმარება სჭირდება.
მისი თქმით, ევროპის მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობა ამ საკითხზე მუშაობს და მომზადებული გეგმების იმპლემენტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თეო ფრანკენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ სამხედრო რესურსების აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გადასროლის ფონზე, ევროპამ თავდაცვისუნარიანობის ხარვეზები თავად უნდა აღმოფხვრას.
მან დაადასტურა ბელგიის მზადყოფნა ნატოში მეტი წვლილის შესატანად, რაც მოიცავს მოიერიშე თვითმფრინავებს, ჰაერში საწვავით გამმართველ თვითმფრინავებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და სათვალთვალო სისტემებს.
თურქეთის თავდაცვის ტექნოლოგიების შექება
ბელგიელმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამიტის მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წვლილზეც.
მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ნატოს ვეტერანი და ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა. „ჩვენ ნატოს ფარგლებში თურქეთი გვჭირდება. იმედი მაქვს, ერთად ძალიან კარგად ვიმუშავებთ“, - თქვა მან.
ფრანკენმა აღნიშნა, რომ სამიტი წარმატებით ჩაივლის და კვლავ ელის თურქულ მასპინძლობას.
„მიყვარს ანკარა და თურქეთი. ნამდვილად მოუთმენლად ველი იქ ყოფნას“, - განაცხადა მან.
მისი აზრით, თურქეთი მომავალში ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსების პროგრამებში უნდა ჩაერთოს და მისი SAFE-I პროგრამიდან გამორიცხვა შეცდომა იყო.
კორვეტ TCG ბურგაზადა-ს მონახულების შემდეგ ფრანკენმა შეაქო თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია და აღნიშნა, რომ ევროპას ბევრი რამ აქვს სასწავლი თურქეთის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებისგან.
„თურქეთი ამ პროცესის ნაწილი უნდა იყოს“
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც მნიშვნელოვანი მოკავშირე, ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს და მტრების გაძლიერების ფონზე ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.
„ძლიერად რომ ვიდგეთ და ჩვენი ღირებულებები დავიცვათ, ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - თქვა ფრანკენმა.
ბელგია და თურქეთი ბევრ სფეროში თანამშრომლობენ, მათ შორის ნატოს ეგიდით მრავალ ერთობლივ წვრთნას ატარებენ.
ფრანკენმა ასევე აღნიშნა ერთობლივი შესყიდვებისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მან ისაუბრა გასულ თვეში ბელგიის მიერ თურქეთში განხორციელებულ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ მისიაზეც და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა გრძელდება და ახალი კონტრაქტები იდება.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური მისია თვეების შემდეგაც პოზიტიურ შედეგებს იძლევა და ეს დინამიკა უნდა შენარჩუნდეს.
















