ინდონეზიის დასავლეთ იავის პროვინციის ქალაქ ბექასიში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. სამშაბათს სახელმწიფო მედიამ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი სარკინიგზო კატასტროფაა.
საინფორმაციო სააგენტო Antara-ს ცნობით, შემთხვევა ორშაბათს საღამოს აღმოსავლეთ ბექასის სადგურზე მოხდა, სადაც საგარეუბნო მატარებელი შორი მიმოსვლის მატარებელს შეეჯახა.
სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის (KAI) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ათობით დაშავებული მგზავრი სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობს.
Jakarta Globe-ის ინფორმაციით, KAI-ის პრესსპიკერმა, ფრანოტო ვიბოვომ აღნიშნა, რომ შემთხვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბექასიში, ბულაკ კაპალის სარკინიგზო გადასასვლელზე ტაქსი ელექტრო საგარეუბნო მატარებელს შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ საგარეუბნო მატარებელი ლიანდაგზე გაჩერდა, რის შემდეგაც იმავე ხაზზე მოძრავი შორი მიმოსვლის მატარებელი გაჩერებულ მატარებელს დაეჯახა. სამაშველო ჯგუფები, მათ შორის სამძებრო და სამაშველო ეროვნული სააგენტო (Basarnas), მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დაზარალებულთა ევაკუაციაზე, რომელთაგან ზოგიერთს სპეციალური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულები იდენტიფიცირებისთვის პოლიციის ჰოსპიტალში გადაასვენეს.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებულთა სამედიცინო და დაკრძალვის ყველა ხარჯი დაიფარება, ხოლო ოჯახების დასახმარებლად შეიქმნა საგანგებო რეაგირების ცენტრი და საინფორმაციო პუნქტები.
რეგიონში, სადაც შემთხვევა მოხდა, მატარებლების მიმოსვლა ნაწილობრივ შეფერხებულია; სანამ საგამოძიებო ჯგუფები შეჯახების დეტალების დადგენას ცდილობენ, რეისები შეზღუდული რაოდენობით სრულდება.
ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ნანგრევების გაწმენდისა და სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება.














