თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მოსალოდნელი ვიზიტი პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის სამშაბათს არ შედგება.
პრეს-პულში გავრცელდა აღნიშნული თანამდებობის პირის სიტყვები: „აშშ-ის პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპის Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის გათვალისწინებით, რომელიც ადასტურებს, რომ აშშ ირანისგან ერთიან წინადადებას ელოდება, პაკისტანში ვიზიტი დღეს არ შედგება“.
ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ პაკისტანელი მაღალჩინოსნების თხოვნით, ვაშინგტონი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გაახანგრძლივებს, რათა თეირანს „ერთიანი წინადადების“ მოსამზადებლად დრო მისცეს.
ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც ვენსის ხელმძღვანელობით აშშ-ის დელეგაციის ისლამაბადში გამგზავრება იყო მოსალოდნელი ირანთან პირისპირ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გასამართად; თუმცა, აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, ვიზიტი თეთრ სახლში დამატებითი პოლიტიკური შეხვედრების გამო გადაიდო.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა ყოფილიყო ამ თვის დასაწყისში პაკისტანში გამართული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ, რომლებიც ყოველგვარი წინსვლის გარეშე დასრულდა.
ამ თვის დასაწყისში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ოთხშაბათს უნდა ამოწურულიყო.







