უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სლავიანსკზე რუსეთის მიერ მართვადი ბომბებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 15 დაშავდა.
ლატვიამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სლავიანსკში მისი საპატიო საკონსულო დაინგრა, ხოლო პერსონალის ორი წევრი დაშავდა.
სუმიში ფოსტის შენობა დაიბომბა
შაბათს, უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სუმიში, ფოსტის შენობაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგი კრივოშეენკომ აღნიშნა, რომ ფოსტის შენობას რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა. მისი თქმით, ერთ-ერთი დაღუპული 49 წლის მამაკაცია, ხოლო მეორე პირის ვინაობის დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს.
უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიეში განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად კი ერთი ადამიანი დაშავდა.
ბუჩაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაუდევრობის მუხლით დაიწყო
პარასკევს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყა კიევის ოლქის ბუჩას რაიონში მდებარე კერძო სასწავლო პოლიგონს, სადაც თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენელთა ღონისძიება იმართებოდა.
თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 100 დაშავდა.
უკრაინელმა პროკურორებმა დაიწყეს გამოძიება იმის დასადგენად, ხომ არ ჰქონდა ადგილი დაუდევრობას ომის დროს და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მსგავსი ღონისძიების ორგანიზებისას.
მოსკოვი კი ამტკიცებდა, რომ სამიზნეს წარმოადგენდა ობიექტი, სადაც გამოფენილი იყო ის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა.















