თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ანტალიის მეხუთე დიპლომატიური ფორუმი (ADF2026), პრეზიდენტის ეგიდითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მასპინძლობით, 2026 წლის 17-19 აპრილს ანტალიაში გაიმართება, მთავარი თემით: „ხვალინდელი დღის დაპროექტება, გაურკვევლობებთან გამკლავება / Mapping Tomorrow, Managing Uncertainties“.
ანტალიის დიპლომატიური ფორუმი, რომელიც პირველად 2021 წელს ჩატარდა, საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებაში მონაწილეობს ფართო წარმომადგენლობით – სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებიდან დაწყებული, აკადემიკოსებით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ბიზნესწრეებით დასრულებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მოსალოდნელია 150-ზე მეტი ქვეყნიდან 20-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის, დაახლოებით 15 ვიცე-პრეზიდენტისა და ვიცე-პრემიერის, 50-ზე მეტი მინისტრის (მათგან 40-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი), 460-ზე მეტი მაღალი რანგის პირის (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების 75 წარმომადგენელი) და 5 ათასამდე სტუმრის მონაწილეობა, რომელთა შორის იქნებიან მეცნიერები და სტუდენტებიც.
აღინიშნება, რომ სახელმწიფოს მეთაურების დონეზე მონაწილეთა თითქმის ნახევარი აფრიკიდან და ევროპიდან იქნება, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე – 40% აფრიკიდან, 35% ევროპიდან და 22% აზიიდან.
ADF2026-ის ფარგლებში გათვალისწინებულია 40-ზე მეტი ღონისძიებისა და სესიის ჩატარება, მათ შორის ლიდერთა პანელები.
მიღებული ინფორმაციით, სესიებზე ფართოდ იქნება განხილული გლობალურ სისტემაში გაღრმავებული გაურკვევლობები, ტრანსფორმაციის პროცესები და რეგიონული მოვლენები. ასევე, დისკუსიების ფოკუსში მოექცევა პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიური ღერძების გარშემო ჩამოყალიბებული ძირითადი დღის წესრიგის საკითხები.
გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანის მასპინძლობით, დაგეგმილია ბალკანეთის მშვიდობის პლატფორმის საგარეო საქმეთა მინისტრების მესამე შეხვედრა, რვამხრივი შეხვედრა ღაზის საკითხზე, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს არაფორმალური შეხვედრა და თურქეთი-პაკისტანი-საუდის არაბეთი-ეგვიპტის ოთხმხრივი შეხვედრა.
ADF2026-ის აქტივობების თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში, ხოლო სესიების მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ ეთერში გადაიცემა TRT-ს მეშვეობით.
















