შეუძლიათ თუ არა „კარგ ვირუსებს“ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული სუპერბაქტერიების დამარცხებაში დახმარება?
იმ ფონზე, როდესაც ანტიბიოტიკები სასიკვდილო ინფექციების წინაშე ძალას კარგავენ, მეცნიერები კვლავ უბრუნდებიან ბაქტერიოფაგებს — ვირუსებს, რომლებიც ბაქტერიებზე „ნადირობენ“ და ანადგურებენ მათ.
დოკუმენტური ფილმი „კარგი ვირუსი“ (The Good Virus) მოგვითხრობს გლობალურ ძალისხმევაზე, რომლის მიზანიც ამ ბუნებრივი მტაცებლების სიცოცხლის გადამრჩენ სამკურნალო საშუალებებად გარდაქმნაა.
ვირუსებს, დაავადებების გამოწვევის გამო, სრულიად სამართლიანად აქვთ ცუდი რეპუტაცია. თუმცა, ყველა ვირუსი როდია ჩვენი მტერი.
მდინარეებში, ნიადაგში, საკანალიზაციო სისტემებსა და ადამიანის ორგანიზმშიც კი უამრავი ვირუსი მიკროსკოპულ ომს აწარმოებს. ეს ომი არა ჩვენს, არამედ ბაქტერიების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს ვირუსები, რომლებიც ცნობილია როგორც ბაქტერიოფაგები (ან უბრალოდ ფაგები), შესაძლოა მეცნიერებისთვის ძლიერ იარაღად იქცეს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხესთან — ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლაში.
ანტიბიოტიკების ფართო გამოყენებამ ჯანდაცვის სფეროში გარდამტეხი როლი შეასრულა. ინფექციები, რომლებიც ოდესღაც რეგულარულად კლავდა ადამიანებს, მოულოდნელად განკურნებადი გახდა, ხოლო ქირურგიული ოპერაციები, მშობიარობა და ონკოლოგიური მკურნალობა მნიშვნელოვნად უფრო უსაფრთხო გახდა.
თუმცა ბაქტერიებიც განიცდიან ევოლუციას. რაც უფრო მეტად და არამიზნობრივად გამოიყენება ანტიბიოტიკები ადამიანებში, ცხოველებსა და სოფლის მეურნეობაში, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ ბაქტერიებს რეზისტენტობის განსავითარებლად.
შედეგები უკვე თვალსაჩინოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბაქტერიული ანტიმიკრობული რეზისტენტობა 2021 წელს მსოფლიოში 4,7 მილიონზე მეტ სიკვდილთან იყო დაკავშირებული. 2023 წელს კი მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებული ბაქტერიული ინფექციების დაახლოებით ერთ მეექვსედს ანტიბიოტიკებით მკურნალობისადმი რეზისტენტობა გამოუვლინდა.
თუ არსებული მედიკამენტები ეფექტურობის დაკარგვას განაგრძობენ, უმნიშვნელო ჭრილობა ან ჩვეულებრივი ინფექციაც კი შესაძლოა კვლავ სასიკვდილოდ საშიში გახდეს.
სწორედ აქ ერთვებიან საქმეში ფაგები.
როგორ შეუძლია ვირუსს ინფექციასთან ბრძოლა?
სიტყვა „ბაქტერიოფაგი“ „ბაქტერიების მჭამელს“ ნიშნავს. თუმცა ფაგები პირდაპირი გაგებით არ ჭამენ ბაქტერიებს, ეს განსაზღვრება მათ მოქმედებას საკმაოდ კარგად ასახავს.
თერაპიული ლიტური ფაგი ებმის ბაქტერიის უჯრედს და მასში საკუთარ გენეტიკურ მასალას ნერგავს. შემდეგ იგი ბაქტერიის საკუთარი მექანიზმის გამოყენებით მრავლდება. საბოლოოდ უჯრედი სკდება და გამოყოფს ახალ ფაგებს, რომლებსაც სხვა ბაქტერიებზე თავდასხმა შეუძლიათ.
ფაგების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი თვისება მათი მიზანმიმართულობა და სიზუსტეა. ანტიბიოტიკებს შეუძლიათ გაანადგურონ ბაქტერიების ფართო სპექტრი, მათ შორის სასარგებლოც. ფაგი კი, როგორც წესი, ბაქტერიის კონკრეტულ სახეობას ესხმის თავს, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, იერიში მიიტანონ უშუალოდ ინფექციის გამომწვევ ორგანიზმზე ისე, რომ პაციენტის დანარჩენი მიკრობიომი არ დააზიანონ.
ფაგები ახალი აღმოჩენა არ არის. მეცნიერებმა ფაგოთერაპიაზე ექსპერიმენტების ჩატარება ჯერ კიდევ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენებამდე დაიწყეს. პენიცილინის მსგავსი პრეპარატების გამოჩენის შემდეგ დასავლურ მედიცინაში მათ მიმართ ინტერესი შემცირდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში ფაგების კვლევა მაინც გაგრძელდა.
დღეს წამლებისადმი რეზისტენტული სუპერბაქტერიების მომრავლებამ ეს მივიწყებული მიდგომა კვლავ დღის წესრიგში დააყენა.
მკვლევრები ბუნებაში ფაგებს აგროვებენ, მათ საშიშ ბაქტერიებზე ცდიან და სწავლობენ, როგორ შეიძლება მათი გამოყენება დამოუკიდებლად ან ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ექსპერიმენტულმა მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღო იმ პაციენტებში, რომელთა ინფექციებიც ტრადიციულ თერაპიას არ ექვემდებარებოდა. კლინიკური კვლევები ასევე ამოწმებს ამ მეთოდების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას სხვადასხვა პაციენტში, მათ შორის კისტოზური ფიბროზის მქონე პირებში, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული ბაქტერიული ინფექციები აწუხებთ.
თუმცა ფაგები სასწაულმოქმედი წამალი არ არის — ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
მათი მაღალი სიზუსტე როგორც უპირატესობაა, ისე სირთულეც. ექიმებს უწევთ ინფექციაზე პასუხისმგებელი კონკრეტული ბაქტერიის იდენტიფიცირება და ზუსტად იმ ფაგის მოძებნა, რომელიც ამ შტამს გაანადგურებს. გარდა ამისა, ადამიანის იმუნურმა სისტემამ შესაძლოა ფაგები მანამ გაანადგუროს, სანამ ისინი თავიანთ საქმეს შეასრულებენ, ან ბაქტერიებმა მათ მიმართაც განავითარონ რეზისტენტობა. მეცნიერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ სტანდარტიზებული მეთოდები ფაგებზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებების წარმოების, გამოცდისა და რეგულირებისთვის.
ამ ეტაპზე ფაგოთერაპია მრავალ ქვეყანაში ექსპერიმენტულ დონეზე რჩება. ის დიდ იმედებს იძლევა, მაგრამ სანამ რუტინული სამედიცინო პრაქტიკის ნაწილი გახდება, მეტი კლინიკური მტკიცებულებაა საჭირო.
გლობალური ხელმისაწვდომობის საკითხი
როზი დრანსფელდის დოკუმენტური ფილმი „კარგი ვირუსი“ (The Good Virus) გვიჩვენებს მეცნიერებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში, კანადაში, კენიასა და უგანდაში ფაგებს ეძებენ და ადამიანის ჯანმრთელობის, მეცხოველეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში მათი გამოყენების პერსპექტივებს იკვლევენ.
ფილმი ანტიმიკრობულ რეზისტენტობას „ერთიანი ჯანმრთელობის“ (One Health) კონცეფციის ჭრილში განიხილავს და წინა პლანზე წამოწევს იმ რეალობას, რომ ადამიანების, ცხოველებისა და ეკოსისტემების ჯანმრთელობა განუყოფელია. რეზისტენტული ბაქტერიები შეიძლება გაჩნდეს და გავრცელდეს საავადმყოფოების, ფერმების, კვების სისტემების, წყლისა და საზოგადოების მეშვეობით.
გარდა ამისა, ფილმი სვამს კითხვას: ფაგოთერაპიის ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში, ვინ მიიღებს ამით სარგებელს? რადგან ფაგები ყველგან გვხვდება და მათი ლოკალურად იზოლირება და განვითარება შესაძლებელია, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ მეტი კონტროლი მოიპოვონ სასიცოცხლო მკურნალობის წარმოებაზე და შეამცირონ დამოკიდებულება სხვაგან შექმნილ და დაფასებულ მედიკამენტებზე.
ამ მიმართულებით შექმნილი პერსპექტივა მართლაც არაჩვეულებრივია: დედამიწაზე ყველაზე უხვად გავრცელებული, თუმცა ყველაზე ნაკლებად გაგებული ორგანიზმები შესაძლოა დაგვეხმარონ თანამედროვე მედიცინის მომავლის გადარჩენაში.
დღეს საკითხავი მხოლოდ ის აღარ არის, შეუძლიათ თუ არა ვირუსებს ჩვენი დაავადება. მთავარი კითხვა ისაა, შეძლებენ თუ არა „სწორი“ ვირუსები ოდესმე ჩვენი სიცოცხლის გადარჩენას.























