აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მისთვის „პატივი იქნება“ ირანის ახალ უზენაეს ლიდერ მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება მას არ წამოუყენებია, თუმცა შეთანხმების მისაღწევად ხამენეისთან შეხვედრის ალბათობა მაღალია.
მოჯთაბა ხამენეიმ მამამისი, ალი ხამენეი შეცვალა, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.
ტრამპმა გააფრთხილა ირანის მთავრობა, რომ ირანის მხრიდან ამერიკელი სამხედროების მკვლელობის შემთხვევაში სწრაფი სამხედრო ინტერვენცია განხორციელდება. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება შეთანხმება ირანის გამდიდრებული ურანის კონსფიკაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში მასზე წვდომას ისედაც შეძლებს.
თებერვალში დაწყებული და 40 დღის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, პაკისტანის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 8 აპრილს შევიდა. თუმცა, ჰორმუზის სრუტესთან, ქუვეითთან და ბაჰრეინთან პერიოდული შეტაკებების გამო რეგიონში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა.
აშშ და ისრაელი დიდი ხანია ადანაშაულებენ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობაში; თეირანი კი უარყოფს ამ ბრალდებას და ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
ტრამპი დაჟინებით მოითხოვს, რომ მუდმივმა სამშვიდობო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს გარანტია იმისა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არასოდეს მოიპოვებს.















