სამაუწყებლო კომპანია RTVE-ის ინფორმაციით, ესპანეთის სამხრეთში, ანდალუსიის რეგიონში მდებარე ალმერიის პროვინციის ლოს-გაიარდოსის მუნიციპალიტეტში, ხუთშაბათს გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
ანდალუსიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მსხვერპლი მეზობელი ბედარის (Bedar) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მცირე დასახლებაში იპოვეს; ზოგიერთი მათგანი ალმოდებულ ავტომობილებში იმყოფებოდა.
ანდალუსიის ჯანდაცვის, პრეზიდენტობისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანტონიო სანსმა, ეს ხანძარი რეგიონში „დღემდე ყველაზე მძიმე შედეგების მქონე ხანძრად“ შეაფასა და მომხდარს „უპრეცედენტო ტრაგედია“ უწოდა.
ხანძრის გავრცელების გამო, ხელისუფლებამ ტყის ხანძრებზე რეაგირების გეგმა საგანგებო ფაზამდე აამაღლა. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების მხარდასაჭერად, ესპანეთის სამხედრო საგანგებო დანაყოფმა (UME) 150 თანამშრომელი გამოყო.
ხანძრისა და სქელი კვამლის გამო, პროვინციაში ორი მთავარი გზა გადაიკეტა.
ამასთანავე, ხუთშაბათს ნაშუადღევს სამხრეთით მდებარე მალაგას პროვინციაში გაჩენილი სხვა ტყის ხანძრის გამო, პრევენციის მიზნით, დაახლოებით 1 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
აღნიშნული ხანძარი კვლავ გრძელდება და დაახლოებით 180 თანამშრომელი ცდილობს ცეცხლის კონტროლის ქვეშ მოქცევას.


















