პრეზიდენტი პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კითხვაზე - „გსურთ დონბასის რეგიონის სრული კონტროლი თუ მზად ხართ შეთანხმების მისაღწევად?“, პუტინმა უპასუხა, რომ ეს საკითხები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
პუტინის თქმით, რუსეთის არმია უკრაინაში ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევს წინ: „ბოლო პერიოდში კონტროლი დაწესდა დაახლოებით 2 440 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე. რუსული ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ. რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სრულ ტერიტორიას, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 85%-ს, ზაპოროჟიეს ოლქის 80%-ს. ეს პროცესი გრძელდება“.
პუტინმა მიუთითა, რომ უკრაინა კონფლიქტში დიდ დანაკარგებს განიცდის: „უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცთა რაოდენობა ბოლო დროს 100 ათასით შემცირდა. ყოველთვიური დანაკარგი დაახლოებით 40 ათასია. ამ წლის დასაწყისში არმიიდან დეზერტირების რაოდენობამ დაახლოებით 60 ათასს მიაღწია. ადამიანებს ჯარში ძალით მიჰყავთ, მათ მოტივაცია არ აქვთ. ბრძოლა არავის სურს“.
ვლადიმერ პუტინმა გამოხატა მზადყოფნა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად: „ჩვენ მზად ვართ და გვსურს უკრაინასთან შეთანხმება მშვიდობიანი გზით, იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რაზეც ანკორიჯში (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ) ტრამპთან შევთანხმდით. რუსეთი აღიარებს ანკორიჯში მიღწეულ შეთანხმებებს. უკრაინულმა მხარემაც უნდა მიიღოს ისინი. ამგვარად კონფლიქტი დასრულდება. უკრაინა ამაში უნდა დავარწმუნოთ“.
პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას ხელისუფლების შესანარჩუნებლად კონფლიქტის შეწყვეტა არ სურს: „კიევი შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამო კრიზისის მოსაგვარებლად მზად არ არის. მშვიდობის დამყარების შემთხვევაში, კიევში შიდაპოლიტიკური ბრძოლა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდება“.
უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით პუტინმა განაცხადა: „უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან გვსურს. თუ დოკუმენტების ხელმოწერის ეტაპამდე მივალთ, ვიპოვით პირებს, ვინც მათ ხელს მოაწერს. მთავარია, მათ ეს სურდეთ“.
„ტრამპის წინადადებები შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს“
პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გულწრფელად ცდილობს უკრაინის კრიზისის მოგვარებას: „ტრამპის წინადადებები შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს“.
ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამჟამად ირანის კრიზისით არის დაკავებული: „თუ უკრაინის კრიზისი რეგიონული ხასიათისაა, ირანთან დაკავშირებული კრიზისი გლობალურია. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. სამწუხაროდ, ევროპული ქვეყნები ცდილობენ უკრაინის კრიზისს გლობალური მასშტაბი შესძინონ“.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის კრიზისის მოგვარების პროცესში ნეიტრალური უნდა იყოს. მისი თქმით, რუსეთი ეწინააღმდეგება არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, არამედ ევროკავშირის სამხედრო ორგანიზაციად გადაქცევას.














