ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ არჩევნები ქვეყანაში საჭირო პირობების შექმნის შემდეგ ჩატარდება: „არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა მზად იქნება“.
დედაქალაქ კარაკასში, პრეზიდენტის სასახლე მირაფლორესში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას როდრიგესმა აღნიშნა, რომ 5 იანვარს თანამდებობის დაკავების დღიდან „დღედაღამ“ მუშაობს.
როდრიგესმა ხაზი გაუსვა, რომ ვენესუელაში არჩევნები აუცილებელი პირობების შექმნისთანავე გაიმართება: „არჩევნები ჩატარდება, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანა მზად იქნება. დაუღალავად ვმუშაობდი, რათა დროის დადგომისას ვენესუელა სრულად იყოს მზად საარჩევნო ყუთებთან მისასვლელად. ეჭვიც არ შეგეპაროთ, ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, თუმცა ეს პროცესი იმ პირობებში განხორციელდება, როდესაც ვენესუელა სრულად მზად იქნება“.
როდრიგესმა აღნიშნა, რომ ვენესუელაში დემოკრატიული მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის მიმართ სანქციების წრის სრულად გასარღვევად ინტენსიურ დიპლომატიას ეწევა: „ვენესუელაში მოქმედებს კონსტიტუცია და არსებობს ამ კონსტიტუციით გარანტირებული დემოკრატიული წესრიგი. ამასთან, არც არჩევნების თარიღის განმსაზღვრელი ორგანო ვარ მე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც აღნიშნა, რომ ვენესუელა არჩევნებისთვის „ჯერ მზად არ არის“ და განაცხადა, რომ ქვეყანას მეტი დრო სჭირდება.
რა მოხდა?
3 იანვარს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აფეთქებებისა და თვითმფრინავების ხმები გაისმა, რის შემდეგაც ვენესუელის ხელისუფლებამ აშშ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია განხორციელდა და მადურო მეუღლესთან ერთად ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიყვანეს.
აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა პემ ბონდიმ განაცხადა, რომ აშშ-ში მადუროსა და მისი მეუღლის, ფლორესის წინააღმდეგ ბრალდებაა წარდგენილი, ხოლო მადუროს ედება ბრალი „ნარკოტერორიზმში, კოკაინის კონტრაბანდაში, აშშ-ის წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობაში“.



















