მართალია, მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა (Rospotrebnadzor) მკვლევრის გარდაცვალებასა და მის სამუშაოს შორის კავშირი უმნიშვნელოდ წარმოაჩინა, მაგრამ ამ შემთხვევამ ფილტვის შავი ჭირის შესახებ კითხვები გააჩინა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) განაცხადეს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც (WHO) აღნიშნა, რომ რუსეთის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან კონტაქტზეა, რათა დაადგინოს რა მოხდა, რა ტესტები ჩატარდა და რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას გლობალურ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, ფართო მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის რისკი დაბალი ჩანს.
რა არის ფილტვის შავი ჭირი?
ფილტვის შავი ჭირი ცნობილია როგორც იშვიათი და სასიკვდილო ფილტვის ინფექცია, რომელსაც ბაქტერია Yersinia pestis-ი იწვევს. მეცნიერები ფილტვის შავ ჭირს ინფექციის ყველაზე საშიშ ფორმად მიიჩნევენ. ასევე არსებობს Yersinia pestis-ით გამოწვეული შავი ჭირის სხვა სახეობებიც, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილს აზიანებს.
ყველაზე გავრცელებული ფორმა — ბუბონური შავი ჭირი — ჩვეულებრივ რწყილის ნაკბენის შემდეგ ან კანის ჭრილობიდან ბაქტერიის შეღწევის შედეგად ჩნდება. ინფექცია იწვევს ლიმფური კვანძების შეშუპებასა და მტკივნეულობას და შესაძლოა სეპტიკურ (სეპტიცემიურ) შავ ჭირში გადაიზარდოს. სეპტიკური შავი ჭირი, რომელიც სისხლის მიმოქცევის ინფიცირებას იწვევს, შესაძლოა ორგანოების უკმარისობით დასრულდეს და ასევე უშუალოდ რწყილის ნაკბენით იყოს გამოწვეული. ფარინგეალური შავი ჭირი კი ინფიცირებული ხორცის მიღების შემდეგ ყელს აზიანებს.
როგორ ვრცელდება ფილტვის შავი ჭირი?
ფილტვის შავი ჭირი გამოირჩევა იმით, რომ ის ბაქტერიული ინფექციის ერთადერთი ფორმაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირ გადადის. რესპირატორულ ნაწილაკებს ბაქტერია ხველების ან დაცემინების დროს გადააქვს. ინფიცირებული ცხოველებისგან გამოსულ წვეთებსაც შეუძლია დაავადების გავრცელება. აშშ-ში ადამიანიდან ადამიანზე ფილტვის შავი ჭირის გადადების ბოლო დოკუმენტირებული შემთხვევა 1924 წელს, ლოს-ანჯელესში მომხდარი ეპიდემიის დროს დაფიქსირდა.
რა სიმპტომები აქვს ფილტვის შავ ჭირს?
ფილტვის შავი ჭირის დროს ნაწილაკები ფილტვებში იბუდებს, იწვევს მძიმე პნევმონიას და სუნთქვას ართულებს.
სიმპტომები შეიძლება ინფიცირებიდან 24 საათში გამოვლინდეს. სხვა სიმპტომებს შორისაა: მაღალი სიცხე, შემცივნება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. მკურნალობის გარეშე დაავადება თითქმის ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
როგორ მკურნალობენ ფილტვის შავ ჭირს?
ექიმებს შავი ჭირის მკურნალობა 10-დან 14 დღემდე ხანგრძლივობის ანტიბიოტიკოთერაპიით შეუძლიათ. ყველაზე ხშირად გამოიყენება ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, გენტამიცინი და სტრეპტომიცინი.
პაციენტებს, რომლებიც ანტიბიოტიკებს ინფიცირებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში იღებენ, გადარჩენის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ. ექიმებს ასევე შეუძლიათ პაციენტებს დამხმარე თერაპიის სახით ჟანგბადი, სითხეები და დასვენების რეჟიმი დაუნიშნონ.
არსებობს თუ არა შავი ჭირის ვაქცინა?
მიუხედავად იმისა, რომ შავი ჭირის ვაქცინები მე-19 საუკუნიდან გამოიყენება, ზუსტად ცნობილი არ არის, იცავს თუ არა ის ფილტვის შავი ჭირისგან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვაქცინაციას არ უწევს რეკომენდაციას, გარდა მაღალი რისკის ჯგუფებისა, როგორიცაა ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც მუდმივი ინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფება.
რატომ გვხვდება შავი ჭირი დღესაც?
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შავ ჭირს ისტორიული წყაროებიდან ან წიგნებიდან იცნობენ, დაავადება დღესაც არსებობს. ინფექციონისტი ექიმი ტაილერ ევანსი აღნიშნავს, რომ შავი ჭირი ასევე გამოიყენება მეტაფორად სიღარიბისა და ეპიდემიების აღსაწერად. მე-14 საუკუნეში ინფექციამ, რომელიც ცნობილია როგორც „შავი სიკვდილი“, ევროპაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
მართალია, ანტიბიოტიკებმა დაავადება უფრო მართვადი გახადა, მაგრამ შავი ჭირი, ოკეანეთის გარდა, ყველა კონტინენტზე კვლავ არსებობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 1990-იანი წლებიდან ადამიანთა დაავადების შემთხვევების უმრავლესობა აფრიკაში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ში ფილტვის შავი ჭირით გამოწვეული ბოლო ლეტალური შემთხვევა 2025 წლის ივლისში არიზონაში მოხდა.
სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ავადმყოფ კატებთან მუშაობდა, ინფექცია ცხოველებისგან გადაედო. კატებთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებში დაავადების სიმპტომები არ გამოვლენილა. ევანსი აცხადებს, რომ ეკოლოგიური ცვლილებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სისუსტის გამო შავი ჭირის რისკი უარესდება. ევანსი აღნიშნავს, რომ დაავადების დიაგნოსტირება სწრაფად არის შესაძლებელი და ხაზს უსვამს, რომ ანტიბიოტიკები ამ დაავადების წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია.
რა მასშტაბისაა დაავადების გლობალური რისკი?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ფართო მოსახლეობისთვის რისკი დაბალი ჩანს. ინფექციონისტი ექიმი რუტულ დალალი ამბობს, რომ ფილტვის შავი ჭირით ინფიცირებული ადამიანები ძალიან სწრაფად მძიმდებიან, რამაც შესაძლოა პოტენციური გავრცელება შეანელოს.
დალალმა აღნიშნა, რომ პაციენტებისთვის ყოველდღიური აქტივობების შესრულება და მოგზაურობა ძალიან რთულია. ადამიანებში სიმპტომები კონტაქტიდან სულ რაღაც 24 საათში შეიძლება გამოვლინდეს. რადგან რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენები არ არის, ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულ პირს აშშ-ში ჩასვლამდე უკვე გამოუვლინდება სიმპტომები.
დალალის თქმით, კოვიდის პანდემიის დროს მომხდართან შედარებით, ეს ვითარება ამჟამად იმ მასშტაბის არ არის და იმედოვნებენ, რომ ის კონტროლქვეშ დარჩება. შავი ჭირით დაავადებული პაციენტების გარემოცვისთვის ექსპერტები გასცემენ რეკომენდაციას, თავი აარიდონ ინფიცირებულ პირებთან პირდაპირ კონტაქტს და ფრთხილად იყვნენ სხეულის ინფიცირებულ სითხეებთან მიმართებაში.
ფილტვის შავი ჭირით დაავადებულ პაციენტთა მომვლელ პერსონალს მოეთხოვება სტანდარტული დამცავი აღჭურვილობის ტარება და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების მიღება. კონტაქტის შემთხვევაში, ჯანდაცვის წარმომადგენლები აკვირდებიან ინფიცირებული პირის ოჯახის წევრებსა და სხვა ახლო კონტაქტებს და მათ დაავადებამდე აწვდიან ანტიბიოტიკებს. გარდა ამისა, რეკომენდებულია ხელების რეგულარული დაბანა წყლითა და საპნით.























