ბერძენმა მიმომხილველმა იანის მარინოსმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მონაცემები ქმნის სურათს, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია.
იანის მარინოსმა საბერძნეთში დაფუძნებულ გაზეთ „To Vima“-ში აღნიშნა, რომ თურქეთი თავისი პოტენციალითა და სტრატეგიული ნაბიჯებით რეგიონულ ძალად ჩამოყალიბდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთის შესაძლებლობებს რეგიონის ვერცერთი ქვეყანა ვერ უგულებელყოფს.
„მიმდინარე წელს თურქეთის ნომინალური მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 1,6 ტრილიონ დოლარამდე მიღწევაა მოსალოდნელი, რაც მას ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი ეკონომიკის სტატუსს ანიჭებს.
2025 წლის მონაცემებით, თურქეთის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 635 მილიარდ დოლარს მიაღწია. ექსპორტში ყველაზე დიდი წილი, 41,5 პროცენტი, ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ხოლო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს 17-პროცენტიანი წილი უკავიათ“.
ნატოს მეორე უდიდესი არმია და თავდაცვის მრეწველობის წინსვლა
მარინოსმა დიდი ადგილი დაუთმო თურქეთის სამხედრო პოტენციალს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები ნატოში აშშ-ის შემდეგ სიდიდით მეორე არმიაა. ასევე ყურადღება გამახვილდა თურქეთის თავდაცვის მრეწველობის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებზე.
გადმოცემის თანახმად, სექტორმა, რომელმაც გასულ წელს 10 მილიარდი დოლარის ექსპორტს მიაღწია, ბოლო ხუთ წელიწადში ექსპორტი სამჯერ გაზარდა და უზარმაზარი ზრდა განიცადა.
მრავალმხრივი დიპლომატია მეზობელ ქვეყნებთან
სტატიაში დეტალურადაა განხილული თურქეთის დიპლომატიური აქტივობა მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან. აღნიშნულია, რომ სირიის ახალი ხელისუფლება მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მაშინ, როცა ყატართან ტრადიციული მოკავშირეობა გრძელდება, ხაზგასმულია საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დაახლოება, რაც ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციების სახით აისახა.
აღინიშნა, რომ ერაყთან და ერბილის ადმინისტრაციასთან გაფორმებული შეთანხმებები რეგიონული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სატრანზიტო მარშრუტს ქმნის.
რაც შეეხება ირანთან ურთიერთობას, რომელთანაც თურქეთს 560-კილომეტრიანი საერთო საზღვარი უკვე ოთხი საუკუნეა უცვლელი აქვს, აღინიშნა, რომ რეგიონული კონკურენციის მიუხედავად, ქვეყნებს შორის გარკვეული ბალანსი და ნდობის კლიმატია შენარჩუნებული.





















