ისრაელელი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთი, პაკისტანი და თურქეთი, რომლებმაც ხელი მოაწერეს „მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას“, მისი ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
გაზეთ „Yedioth Ahronot“-თან საუბრისას, ანონიმურმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა 7 აგვისტოს სამი ქვეყნის მიერ ხელმოწერილ „მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით განაცხადა: „ეს შეთანხმება ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ეს არის ისრაელის წინააღმდეგ შექმნილი ალიანსი“.
მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება უფრო ფართომასშტაბიან რეგიონულ ცვლილებებს ასახავს და დასძინა:
„ისრაელმა უნდა შექმნას ალტერნატიული ალიანსები, პირველ რიგში საბერძნეთისა და კვიპროსისგან შემდგარ „ელინურ ღერძთან“, ასევე ინდოეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან“.
მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი უნდა იყოს „ძალიან, ძალიან ძლიერი“ და სხვა ქვეყნები თავისზე დამოკიდებული გახადოს. მისივე თქმით, ისრაელს „არმიის გაძლიერების გიგანტური პროგრამა“ სჭირდება.
თურქეთი - ისრაელისთვის „შეშფოთების წყარო“
მაღალჩინოსანმა, რომელიც მიიჩნევს, რომ თურქეთი და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელისთვის „შეშფოთების წყაროა“, განაცხადა: „თურქეთისა და ერდოღანის საკითხი სახიფათოა“.
მან ასევე დასძინა, რომ არ გაუკვირდება, თუ ეგვიპტეც შეუერთდება მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას: „ეს ალიანსი ისრაელის წინააღმდეგ შეიქმნა“.
ისრაელის დიასპორის მინისტრმა ჩიკლიმაც გამოხატა უკმაყოფილება მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების გამო და საუდის არაბეთის თურქეთთან ერთად მოქმედების დაწყებას ისრაელისთვის „ძალიან ცუდი მოვლენა“ უწოდა.




















